სარაევოში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქართულმა დელეგაციამ აქტივს კიდევ 2 მედალი შემატა.
ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ.) ფინალში უხერხულ მეტოქედ ქცეულ იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან იპონით წააგო, არადა, შერკინების დასრულებამდე 10 წამით ადრე ვაზარით იგებდა. შედეგად, ბაგრატს ვერცხლის მედალი ერგო.
რობინზონ ბეგლარიშვილი (60 კგ.) ნახევარფინალში ბრაზილიელ მაიკლ მარსელინიოსთან შიდოებით დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი აზერბაიჯანელ მაჰამად ჯაჰიევს ათიოდ წამში იპონით მოუგო.
გუშინვე გოგონათა ტურნირში უმედლოდ დარჩნენ ნატალია ყიფშიძე (48 კგ.), ნინო მგელაძე (52 კგ.) და მზია ბებოშვილი (52 კგ.).
დღეს, ბოსნიურ ტატამზე ლაშა დუდაშვილს (73 კგ.), გოგა ქევხიშვილს (81 კგ.), მარიამ ჭანტურიას (57 კგ.), ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ.) და სალომე მჭედლიშვილს (63 კგ.) ვიხილავთ.