ამხანაგურ მატჩში გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მოგებას მაინც თავისი, დადებითი მუხტი ახლავს და ეს საქართველოს ნაკრებმა ბოსნიასთან მატჩის შემდეგ გამოსცადა. ქართველებმა ბალკანეთის ნახევარკუნძულის არცთუ სუსტი წარმომადგენელი 78:73 დაამარცხეს და მატჩის შემდეგ კომენტარისთვის ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით.
- მიმდინარე ციკლში პირველი მატჩი ჩავატარეთ და ცხადია, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ვისურვებდით. გუნდი ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, თუმცა დღევანდელ მატჩში ცუდად არ უთამაშია. მრავალი შეცდომის მიუხედავად, კარგი დაცვისა და ბრძოლის ხარჯზე მოვახერხეთ ბოსნიელების დამარცხება და ეს ფსიქოლოგიური განწყობის ასამაღლებლად ძალიან კარგია.
- რას იტყვით უშუალოდ კალათბურთელებზე, მათ სათამაშო ფორმაზე?
- ცუდ ფორმაში არავინაა, თუმცა სრულყოფა ყველას მართებს. შედარებით გვიან შემოგვიერთდნენ ზაზა ფაჩულია და ჯეიკობ პულენი, თუმცა მათ დღევანდელ მატჩში ცუდად არ უთამაშიათ. რაკი რამდენიმე დღის დაგვიანებით შემოგვიერთდა, პულენი, ბოსნიასთან მეორე ნომრის პოზიციაზე ვათამაშეთ. მოგეხსენებათ, გამთამაშებელს უფრო მეტი ფუნქცია აკისრია და მის ასათვისებლად პულენს დრო სჭირდება. ჩვენ მას როგორც მეორე, ისე პირველ ნომერზე ვათამაშებთ. ამერიკელი უკანახაზელის უნივერსალიზმი ამის საშუალებას იძლევა.
- ახალწვეულებზე რას იტყვით?
- ორივე ახალწვეული განაცხადში მოხვდა, თუმცა არც ჯანელიძე და არც გოგოძე მოედანზე არ გასულა. ამ ეტაპზე ასე ჩათვალეს მწვრთნელებმა საჭიროდ და ხვალ მორიგი მატჩია და ვინც დღეს არ ითამაშა, მათგან ზოგიერთებს მიეცემათ შანსი.
- მოგება ცუდ სამსახურს ხომ არ გაგვიწევს?
- არა მგონია, ასე მოხდეს, რადგან ბოსნიის დამარცხება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რიგზეა. მწვრთნელთა შტაბმა იცის, რა აკლია გუნდს და დღევანდელი მატჩის დროს ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამოაშკარავდა. ნათლად დავინახეთ, რა სათამაშო კომპონენტებზე გვმართებს მუშაობ. ერთ თვეში ყველაფერი გამოსწორდება, თუკი ყველანი ჯანმრთელად იქნებიან.
- თორნიკე შენგელიას მდგომარეობა როგორია?
- თორნიკეს სახიფათო არაფერი სჭირს. არ ვჩქარობთ და ვასვენებთ, რათა ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს და ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
gbf.ge