კალათბურთი

0:06 | 6.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნიას 78:73 სძლია

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

იგორ კოკოშკოვის გუნდი, რომელიც საწვრთნელ შეკრებაზე სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში იმყოფება, სპორტკომპლექს „ტერმე ოლიმიაში“ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს გაეჯიბრა და 78:73 დაამარცხა.

რაკი ორივე გუნდისთვის ეს მატჩი პირველი იყო მოსამზადებელ ციკლში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სტატისტიკის აღრიცხვა არ განხორციელდა.

გუნდის მწვრთნელებისთვის არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა სტატისტიკურ მაჩვენებლებს და აქცენტი სხვა ასპექტებზე გაკეთდა. შეთანხმების საფუძველზევე დაითქვა, რომ მომდევნო, 6 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში სტატისტიკური მაჩვენებლების აღრიცხვა მოხდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი მძიმედ დაიწყო, თუმცა პირველი მეოთხედის წაგების (11:20) შემდეგ, თამაში დაალაგა და დიდ შესვენებას ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 36:33. ჩვენმა ნაკრებმა შედეგიანი თამაში მესამე პერიოდშიც განაგრძო და ბოლო პერიოდის წინ 64:55 იგებდა, რის შემდეგაც გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს და თბილისში დაბრუნებამდე (10 აგვისტო) ვარჯიშს ვერ შეძლებს. საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან ბოსნიასთან მატჩის 13-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ გიორგი შარაბიძე, ბექა წივწივაძე, მიხეილ ჭოჭუა და ბესიკ ლეჟავა.

ბოსნიელებს 13-13 ქულა ჩაუგდეს მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი ცინცაძემ, ხოლო ბექა ბურჯანაძემ თავი 10 ქულას მოუყარა. შედეგიანი იყო ზაზა ფაჩულია, რომელმაც 6 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. უნივერსალიზმი გამოავლინა ვიქტორ სანიკიძემაც, რომელმაც 10 ქულა, 5 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-პასი მიითვალა. უქულოდ დარჩნენ ნაკრების ახლწვეულები – ნოდარ გოგოძე და გიგა ჯანელიძე. გიორგი შერმადინმა 8, ხოლო დუდა სანაძემ - 6 ქულა დააგროვეს.

საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებები მეორე სპარინგ-მატჩს იმავე ადგილასა და დროს, 6 აგვისტოს გამართავენ.

საქართველო 78:73 ბოსნია (11:20, 25:13, 28:22, 14:20)

საქართველო: პულენი (6 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა), ფხაკაძე (2 ქ), გოგოძე, ფაჩულია (4 ქ, 6 პ, 9 მ, 1 დაკარგვა), ცინცაძე (13 ქ, 4 პ, 4 მ, 7 დ, 1 ჩ), შერმადინი (8 ქ, 1 პ, 3 მ, 1 დ), სანაძე (6 ქ), მარკოიშვილი (13 ქ, 1 პ, 2 მ, 4 დ), ფაცაცია, სანიკიძე (10 ქ, 3 პ, 5 მ, 2 დ, 3 ჩ), ჯანელიძე, ბურჯანაძე (10 ქ, 3 მ, 1 ჩ), მეტრეველი (6 ქ, 4 მ, 2 დ)

www.gbf.ge

0.115466