4 მატჩი და 4 წაგება – ასეთია საკონტროლო მატჩებში ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრების მაჩვენებელი, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა. “ნარინჯისფრები” ამჯერად მეზობელ ბელგიას ესტუმრნენ და მასპინძლებთან 49:65 წააგეს.
ტოონ ვან ჰელფტერენისთვის მთავარი საფიქრალი გუნდის დაბალი შედეგიანობა უნდა იყოს. ჰოლანდიელები იტალიასთან 52:64 დამარცხდნენ, გერმანიასთან – 55:59, ხოლო ავსტრიასთან – 49:58. ამგვარად, უკვე მე-2 თამაშია ჰელფტერენის ბიჭები 49 ქულას აგდებენ, რაც ევროპული კალათბურთისთვისაც კი ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
ანტვერპენულ მატჩში სტუმრებს წარმატების შანსი არ ჰქონიათ. მათ პირველი მეოთხედი 10 ქულის სხვაობით დათმეს და მუდმივად მდევრის როლში იყვნენ, საბოლოოდ კი, 16 ქულით წააგეს. იმ ფონზე, რომ ბელგიელები ევროპულ გრანდთა რიცხვს ვერ მივაკუთვნებთ, შედეგს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
ჰოლანდიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ბერძნული “რეტიმნოს” მცველი ჩარლონ კლოოფი იყო, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო, ესპანური “სარაგოსას” ცენტრმა ჰენკ ნორელმა კი 9 ქულას (თამაშიდან 7-დან 3 ზუსტი ტყორცნა) 5 მოხსნა წაამატა, თუმცა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა.
“ნარინჯისფრებმა” 31-დან 14 ორქულიანი, 13-დან 2 სამქულიანი და 24-დან 15 საჯარიმო ჩააგდეს, მოკლედ, სიზუსტემ ისევ უმტყუნათ. ისიც ვთქვათ, რომ სტუმრები მასპინძლებს მოხსნებში 25:31 ჩამორჩნენ, დაკარგვების გრაფაში კი 15 ეწერათ.
ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრებს მორიგი საკონტროლო მატჩები ისლანდიასთან ელის. ვან ჰელფტერენის შეგირდები კუნძულელებს რეიკიავიკში 7 და 9 აგვისტოს გაეჯიბრებიან.
4 აგვისტო. ანტვერპენი
ბელგია – ჰოლანდია 65:49 (23:13, 10:11, 13:11, 19:14)
ჰოლანდია: ვილიამსი (14 წ. 2 ქ.). ვ.დე იონგი (14 წ. 5 მ.), კლოოფი (28 წ. 14 ქ.), დურისო (10 წ.), ხერაზი (16 წ. 4 ქ.), აკერბოომი (16 წ.), შაფტენაარი (25 წ. 9 ქ. 5 მ.), ნ.დე იონგი (14 წ. 4 ქ.), სმეულდერსი (12 წ.), ნორელი (24 წ. 9 ქ. 5 მ.), კანინგემი (4 წ.), სლაგტერი (23 წ. 7 ქ. 3 მ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.
ჰოლანდიელთა დარჩენილი მატჩების კალენდარი:
7 აგვისტო
ისლანდია – ჰოლანდია (რეიკიავიკი)
9 აგვისტო
ისლანდია – ჰოლანდია (რეიკიავიკი)
12 აგვისტო
ჰოლანდია – ილინოისის უნივერსიტეტი (როტერდამი)
14 აგვისტო
ჰოლანდია – დიდი ბრიტანეთი (ლეიდენი)
16 აგვისტო
ჰოლანდია – პორტუგალია (ლეიდენი)
20 აგვისტო
ფილიპინები – ჰოლანდია (ტალინი)
21 აგვისტო
ისლანდია – ჰოლანდია (ტალინი)
22 აგვისტო
ესტონეთი – ჰოლანდია (ტალინი)
27 აგვისტო
საბერძნეთი – ჰოლანდია (ათენი)
28 აგვისტო
ლიტვა – ჰოლანდია (ათენი)
29 აგვისტო
თურქეთი – ჰოლანდია (ათენი)