რაგბი

19:04 | 4.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტონგამ მესამეც მოიგო

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ინგლისის მსოფლიო თასზე ტონგამ, 2015 წლის წყნარი ოკეანის თასზე ზედიზედ სამი თამაში მოიგო და ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.

მომავალ გამარჯვებულ ფიჯისთან მარცხის შემდეგ, ტონგელებმა ზედიზედ სძლიეს კანადას და აშშ-ს, ხოლო დასკვნით მატჩში იაპონია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს - 31:20. მეტოქეებმა თამაში მძიმედ დაიწყეს და რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბე გააყვითლა. პარალელურად, იაპონელების ორ ჯარიმას კურტ მორატიმ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა, 29-ე წუთზე კი, ტონგელთა მოლს ჰალანი აულიკას ლელო მოჰყვა და მორატიმ გარდასახვა გამოიყენა - 10:6.

იაპონიამ ლელოთი სწრაფადვე უპასუხა, მაგრამ უდისციპლინობის გამო მორატისგან ორი ჯარიმით დაისაჯა და ტაიმი 16:11 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში იაპონელებმა ორი ჯარიმით კვლავ შეძლეს უპირატესობის დაბრუნება, მაგრამ ფეტუუ ვაინიკოლოსგან მეორე ლელო მიიღეს. მერე გუნდებმა კიდევ თითო-თითო დარტყმა გაცვალეს, დასკვნით 10 წუთში კი, კაცნაკლულად მოთამაშე მეტოქეს შეხვედრის საუკეთესო მორაგბე სონატანე ტაკულუამ მესამე ლელო გაუტანა და ტონგამ 31:20 იმარჯვა.

“სასიამოვნოა ტურნირი ზედიზედ სამი გამარჯვებით რომ დავასრულეთ. ეს თამაშები მსოფლიო თასის წინ გუნდის შეკვრაში დაგვეხმარება”, - თქვა ტონგელთა მეორეხაზელმა ჯოე ტუინეაუმ.

თასის ფინალში ფიჯიმ სამოას 39:29 აჯობა. ფიჯელებმა პირველივე წუთებიდან დაამყარეს ბურთზე კონტროლი და ანგარიში დებიუტშივე ლელოთი გახსნეს. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ამას სამოელთა შეცდომა მოჰყვა დერეფანში და კიდევ ერთი ლელო - 17:3. მაგრამ სამოამ მობილიზება მოახერხეს და შესვენებამდე ორი ჯარიმით, ხოლო თამაშის განახლების შემდეგ ლელო-გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. სამოა ამით არ დაკმაყოფილდა და 50-ე წუთზე გატანილი ლელოთი მატჩში პირველად დაწინაურდა, მაგრამ ფიჯელმა შემცვლელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, მომავალმა ჩემპიონებმა სამი ლელო გაიტანეს და 36:24 დაწინაურდნენ. მეტოქემ ლელოთი თასის მოგების იმედი დაიბრუნა, მაგრამ დასკვნითმა ჯარიმამ მათი იმედები გააქარწყლა და მთავარი ჯილდოც ფიჯის სამართლიანად დარჩა.

აშშ-სა და კანადის მატჩში ყველაფერი ამერიკელთა მგეზავის, ეიჯეი მაკგინტის ფეხჩუბინობამ გადაწყვიტა. გუნდებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს, პირველ ტაიმში სტუმრად მოთამაშე ამერიკელებმა 4 ჯარიმა გაიტანეს და 12:3 დაწინაურდნენ. კანადამ ჯარიმით ჩამორჩენა რომ შეამცირა ორჯერ დარჩა 10-10 წუთით მეტობაში, მაგრამ ის მხოლოდ 74-ე წუთზე გამოიყენა და შეხვედრის ერთადერთ ლელოს რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 13:12. მაგრამ მასპინძლებმა ვერ გაძლეს, ბოლო წამებზე კარის წინ 25 მეტრიდან არეკნი მიიღეს და 13:15 დამარცხდნენ, რითაც აშშ-მ წყნარი ოკეანის თასზე მე-5 ადგილი დაიკავა.

0.119554