დღეს, 4 აგვისტოს სერბეთში დაწყებული ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე 5 წონის წარმომადგენლები ასპარეზობენ. სასიხარულოა, რომ ყველა წონაში ქართველი ფალავნები მედლისათვის იჭიდავებენ.
აქედან თორნიკე ქათამაძე (42), ალეკო ლომიძე (58) და ივერი ყულაყიძე (69) ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ, ხოლო თემურაზ ვანიშვილი (50) და ბექა ჭელიძე (85) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.
ქათამაძემ (42) სერბი ალგოსა ლისკევიჩი 20 წამში დაამარცხა 10-0, მომდევნო შეხვედრაში ამავე ანგარიშით ბულგარელ პანაიოტ დიმიტროვს სძლია, ამჯერად 1 წუთსა და 18 წამში, ნახევარფინალში უკრაინელ მუხამედ ალიევს მოუგო 12-8 და ფინალში თურქ დოგან კარას დაეჭიდება.
ლომიძემ (58) პოლონელი კრისტიან პისკორზი 11-0, ისრაელის წარმომადგენელი გენადი ბენოგოევი 10-0 და ნახევარფინალში აზერბაიჯანელი გადისა გერია 6-4 დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე თურქი მუამერ კილიჩი იქნება.
ჯულაყიძემ (69) თურქი იბრაგიმ ჩაჯალაიანი 6-2, აზერბაიჯანელი ისმაილ აბდულაევი 6-5, ბერძენი თეოდოროს იოსიფიდისი 9-2 და ბულგარელი ახმეტ ბეკირი 6-2 დაამარცხა, ფინალში კი რუს ადამ მალაევს დაეჭიდება.
ვანიშვილმა (50) 1 წუთსა და 6 წამში სუფთად დაამარცხა იტალიელი ვირგინიო გუარილო, რუს რამაზან აბდურახიმოვს 6-3 მოუგო, ნახევარფინალში კი მოლდაველ პეტრ კრაკიუნთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხა 8-9 და ბრინჯაოსთვის უკრაინელ იური პოსტოლს შეხვდება.
ჭელიძემ (85) სლოვაკი იაკუბ ჟიმურა 7-1 და ბელარუსი იაროსლავ სლავიკოვსი 6-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თავად დამარცხდა თურქ ნაილ სეიართან და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ფინალები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი
https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-3
www.wrestling.ge