ფეხბურთი

12:41 | 3.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძემ პორტუგალიაში სეზონი გოლით დაიწყო, მახარაძემ უზბეკეთში გაიტანა

პორტუგალიაში საფეხბურთო სეზონი ლიგის თასით განახლდა და “ჟილ ვისენტეს” ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ პირველი გოლი მიითვალა. “ვიზეუსთან” საშინაო მატჩში მან ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა (VIDEO), ხოლო სტუმრებმა საპასუხო გოლი 45-ე წუთზე გაიტანეს. ძირითად და დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში “ვიზეუმ” 5:4 გაიმარჯვა.

ლიგის თასის მომდევნო ეტაპზე “ფეირენსე” გავიდა, რომლის კარს გიორგი მაკარიძე იცავს. “ფეირენსემ” სახლში “კოვილას” აჯობა და ქართველმა გოლკიპერმა სრულად ითამაშა. “ჟილ ვისენტე” და “ფეირენსე” პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში გამოდიან.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურში თავი ტაშკენტის “ფახთაქორის” კაპიტანმა კახა მახარაძემ გამოიჩინა. ტაშკენტელებმა სტუმრად “ოლმალიქს” 2:1 აჯობეს. 34-ე წუთზე ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა პენალტი ზუსტად შეასრულა და “ფახთაქორი” 2:0 დააწინაურა. ტაშკენტელები 16-გუნდიან გათამაშებას 41 ქულით ლიდერობენ.

“ქიზილქუმი” გასვლაზე “სოგდიანასთან” 1:4 დამარცხდა. მარცხენა მცველმა გიორგი კვესიაშვილმა სტუმრებში თავიდან ბოლომდე ითამაშა და 90-ე წუთზე გააფრთხილეს. “ქიზილქუმი” 21 ქულით მერვეა.

დანიის სუპერლიგის მე-3 ტურში “ორჰუსმა”, სადაც ფორვარდები მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე გამოდიან საკუთარ მოედანზე “რანდერსს” 3:2 აჯობა. ვაწაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. სხირტლაძე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. “ორჰუსი” 7 ქულით 12 გუნდში მეორეა.

“ოდენსე” “მიდტიულანდს” ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ფორვარდი ლადო დვალიშვილი ოდენსელთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ოდენსე” 6 ქულით მეოთხეა.

ნორვეგიის ელიტსერიენის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში “სტაბეკმა” “ვალერენგას” უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ნახევარმცვლი გიორგი გოროზია გამარჯვებლთა შორის თამაშში 86-ე წუთიდან ჩაერთო. “სტაბეკი” 35 ქულით 16 გუნდში მეორე პოზიციაზეა.

ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-16 ტურში თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილი რიგის “სკონტო” შინ “იელგავასთან” დამარცხდა. მცველ ლევან მახარაძეს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მასპინძლებში ტრავმის გამო არ უთამაშია. “სკონტო” 22 ქულით 8 გუნდში მესამეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, “თრაკაიმ”, რომლის ღირსებას ნიკა აფაქიძე იცავს, გასვლაზე “სუდუვას” 1:0 აჯობა. ქართველმა მცველმა ორი ტაიმი ითამაშა. “თრაკაი” 44 ქულით 10 გუნდში მეორეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, “კუოპიონ პალოსეურამ” “როვანიემი” მიიღო და 3:0 სძლია. თავდამსხმელმა ირაკლი სირბილაძემ გამარჯვებულებში თავიდან ბოლომდე იასპარეზა. “კუოპიონ პალოსეურას” 24 ქულით 12 გუნდში მე-8 ადგილი უკავია.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, ტალინის “ფლორამ” შინაურ კედლებში თანაქალაქელ “ინფონეტს” ვერ აჯობა – 0:0. შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი მასპინძლების რიგებში შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა. “ფლორა” 45 ქულით 10 გუნდში მესამეა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-2 ტურში “ფრაიბურგმა” გასვლაზე “მიუნხენ 1860” 1:0 დაამარცხა. ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და “ფრაიბურგში” ზაფხულში ჩაირიცხა, გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. ფრაიბურგელები 18-გუნდიან გათამაშებას 6 ქულით ლიდერობენ.

ჩეხეთის სინოტ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, პრაღის “სლავიამ”, სადაც ლევან ყენია ირიცხება, თავის მოედანზე ლიბერეცის “სლოვანთან” 2:2 ითამაშა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადში არ იყო, რადგან ტრავმის მორჩენის შემდეგ, ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა. “სლავია” ერთი ქულით 16 გუნდში მეთორმეტეა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის სტარტზე “პარიზმა” “ლავალი” მიიღო და ქულა აიღო – 1:1. მარცხენა მცველი ამირან სანაია პარიზელთა 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.

0.140468