ფეხბურთი

21:23 | 2.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის სუპერთასს ძველი მფლობელი ჰყავს

ინგლისში 2015/2016 წლების საფეხბურთო სეზონი “უემბლიზე” გამართული სუპერთასის შეხვედრით გაიხსნა, სადაც ასოციაციის თასის მფლობელმა ლონდონის “არსენალმა” პრემიერლიგის გამარჯვებული თანაქალაქელი “ჩელსი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა.


პირველ ნახევარში ბევრი სახიფათო მომენტი არ ყოფილა. პირველივე რეალური ეპიზოდი გატანილი გოლით დასრულდა, 24-ე წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, სეზარ ასპილიკუეტა ჩამოიშორა და ტიბო კურტუას შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა. გაშვებული გოლის შემდეგ “არისტოკრატები” ოდნავ გააქტიურდნენ და რამირესი ორჯერ დაემუქრა პიოტრ ჩეხის კარს, თუმცა ორჯერვე ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმი “ჩელსის” შეტევებით დაიწყო. 61-ე წუთზე ედენ აზარს შეეძლო გათანაბრება, თუმცა ახლო მანძილიდან ზემოდან გადააცილა მეტოქის კარს, ხოლო 69-ე წუთზე ოსკარს საჯარიმო დარტყმიდან ჩეხმა არ გაატანინა. 85-ე წუთზე უკვე “არსენალს” შეეძლო სხვაობის გაზრდა, ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ სანტი კასორლას კურტუამ არ გაატანინა, ხოლო დამატებაზე აარონ რემსიმ გაუშვა მეორე გოლის გატანის შანსი. შეხვედრის მე-4 დამატებულ წუთზე ბელგიელმა კიპერმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და ამჯერად კირან გიბსს არ გაატანინა ერთი-ერთზე.

ამრიგად, “არსენალის” უიღბლო სერია “ჩელსისთან” მატჩებში შეწყდა და რვა მატჩის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, ხოლო ხუთმატჩიანი უგოლო სერია დაასრულა. პიოტრ ჩეხმა კი, შესანიშნავი დებიუტი მოიწყო “მეთოფეთა” რიგებში. მან პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ტიტული მოიგო და კარის მშრალად შენახვა მოახერხა. თანაც, ყოველივე ეს იმ კლუბის წინააღმდეგ მოხდა, რომლის ღირსებასაც ჩეხი 11 წლის განმალობაში იცავდა.

“არსენალმა” ინგლისის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო, ხოლო არსებობის განმალობაში აღნიშნული ტიტული მეთოთხმეტედ მოიპოვა.

არსენალი – ჩელსი 1:0 (1:0) VIDEO

ლონდონი, “უემბლი”

არსენალი (4-3-3): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, ბელერინი, მონრეალი, კოკლენი, კასორლა, რემსი, ოზილი (გიბსი 82), ჩემბერლენი (არტეტა 77), უოლკოტი (ჟირუ 66).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი (მოზესი 82), კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა (ზუმა 69), რამირესი (ოსკარი 54), მატიჩი, ვილიანი, ფაბრეგასი, აზარი, რემი (ფალკაო 46).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: ჩემბერლენი 24.
გაფრთხილებები: კოკლენი – აზპილიკუეტა
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.16779