2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა.
საინტერესოა, რომ ტოონ ვან ჰელფტერენის შეგირდებს ევრობასკეტამდე ერთბაშად 15 (!) საკონტროლო მატჩი აქვთ გაწერილი. მათგან სამი “ნარინჯისფრებმა” იტალიაში მოილიეს, სადაც “ტრენტინოს თასის” ტრადიციულ გათამაშებაში ჩაებნენ და სამივე მატჩი წააგეს.
მასპინძელ იტალიასთან ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც ჰოლანდიელებმა 14:16 წააგეს, შემდეგ კი, “სკუადრა აძურამ”, რომელსაც ნბა-ში მოთამაშე ტრიო (დანილო გალინარი, მარკო ბელინელი, ანდრეა ბარნიანი) აკლდა, საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა და სხვაობამ ოც ქულასაც კი უწია. საბოლოოდ, აპენინელებმა 64:52 იმარჯვეს.
სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ჩარლონ კლოოფმა უწია, ლიდერმა ჰენკ ნორელმა კი გუნდი აშკარად დააღალატა. ესპანური “სარაგოსას” ცენტრმა 22:13 წუთში 10-დან მხოლოდ 1 ორქულიანი გამოიყენა და 2 ქულას, 5 მოხსნას და 1 პასს დასჯერდა.
გაცილებით დაძაბული იყო გერმანიასთან მატჩი, სადაც ყველაფერი ბოლოსკენ გადაწყდა (55:59), თუმცა, ისიც სათქმელია, რომ კრის ფლემინგს ამჯერადაც არ ჰყოლია მოედანზე დირკ ნოვიცკი, დენის შრიოდერი და ტიბორ პლეისი. “დამრტყმელი” სამეული ბუნდესგუნდს აგვისტოდან შეუერთდება.
ამ ფონზე გერმანიას გამოცდილმა რობერტ ბენცინგმა ულიდერა 14 ქულით, ჰოლანდიელთაგან კი რობინ სმეულდერსი (13), ნიკოლას დე იონგი (11) და არვინ სლაგტერი (10) გამოირჩნენ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა თამაშიდან 11-დან 3 მხოლოდ ტყორცნა გამოიყენა, იტალიასთან მატჩის ანტიგმირი ნორელი კი მოედანზე საერთოდ აღარ გასულა.
“სარაგოსას” ცენტრი საქმეს ავსტრიასთან მატჩში დაუბრუნდა, რომელშიც ჰოლანდიელებს გამარჯვების იმედი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა, ძალიან სუსტად ითამაშეს, 50-ქულიან ზღვარსაც ვერ უწიეს და 49:58 დამარცხდნენ.
ნორელმა ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) კი გაიფორმა, თუმცა, მაგრამ მის გარჯას პროდუქტიულს მაინც ძნელად თუ ვუწოდებთ, რადგანაც 10-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა. მოკლედ, ჰენკს სიზუსტესთან აშკარა პრობლემები აქვს, რადგანაც ორ თამაშში 20-დან 4 (!) ორქულიანი ჩააგდო. ავსტრიასთან მატჩში ვერც სხვები ჩუბინობდნენ და საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ “ნარინჯისფრებმა” 62-დან 18 სროლაღა გამოიყენეს.
ერთი დეტალიც. ტრენტინოს ტურნირის მატჩებში ჰოლანდიელებმა 52, 55 და 49 ქულა ჩააგდეს, რაც მათი ქომაგებისთვის კარგი ნიშანი ნამდვილად არ უნდა იყოს. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ იტალიური ტურნირის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები გახდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში საკმაოდ მოულოდნელად მასპინძლებს 69:68 სძლია. მანამდე, გერმანელებმა ავსტრიას 64:52 სძლიეს, იტალია-ავსტრია კი 64:54 დასრულდა.
ახლა, ჰოლანდიელები ბელგიაში გადაინაცვლებენ და 4 აგვისტოს მეზობელ ბელგიას ანტვერპენში გაეჯიბრებიან, შემდეგ კი ისლანდიას ესტუმრებიან და რეიკიავიკში, სამი დღის განმავლობაში ორ საკონტროლოს შეხვედრას ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ზე C ჯგუფის მატჩები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარდება, ჰოლანდიას კი საქართველოს გარდა, ჭიდილი მასპინძლებთან, სლოვენიასთან, საბერძნეთთან და მაკედონიასთან მოუწევს. ჰოლანდიის და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 5 სექტემბერს, პირველ ტურში გახლავთ დაგეგმილი.
იტალია – ჰოლანდია 64:52 (16:14, 24:15, 15:10, 9:13)
ჰოლანდია: აკერბოომი (26 წ. 7 ქ. 3 მ.), შაფტენაარი (20 წ. 8 ქ. 5 მ.), ნორელი (22 წ. 2 ქ. 5 მ.), ვ.დე იონგი (17 წ. 6 ქ.), კლოოფი (24 წ. 10 ქ. 3 პ.); დე პაგტერი (20 წ. 3 მ.), ნ.დე იონგი (18 წ. 6 ქ. 3 მ.), კანინგემი (16 წ. 3 ქ. 3 პ.), სლაგტერი (23 წ. 6 ქ. 3 მ.), ხერაზი (14 წ. 4 ქ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.
გერმანია – ჰოლანდია 59:55 (16:17, 12:11, 16:15, 15:12)
ჰოლანდია: კოენისი (19 წ. 2 ქ.), შაფტენაარი (26 წ. 8 ქ. 7 მ.), სლაგტერი (26 წ. 10 ქ.), ვილიამსი (29 წ. 5 ქ.), დურისო (23 წ. 4 ქ.); ფრანკე (14 წ. 3 ქ.), ნ.დე იონგი (21 წ. 11 ქ. 4 მ.), სმეულდერსი (14 წ. 13 ქ. 5 მ.), კანინგემი (11 წ.), ხერაზი (16 წ. 4 მ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.
ავსტრია – ჰოლანდია 58:49 (19:13, 11:10, 16:13, 12:13)
ჰოლანდია: აკერბოომი (22 წ. 4 ქ.), სმეულდერსი (23 წ. 2 ქ.), ნორელი (27 წ. 10 ქ. 10 მ.), ვ.დე იონგი (10 ქ. 5 მ.), კლოოფი (24 წ. 3 ქ. 4 მ.); ფრანკე (8 წ.), დე პაგტერი (18 წ. 6 ქ. 6 მ.), კოენისი (11 წ. 5 ქ. 4 მ.), ვილიამსი (23 წ. 9 ქ.), დურისო (18 წ.).
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰელფტერენი.
ჰოლანდიელთა დარჩენილი მატჩების კალენდარი:
4 აგვისტო
ბელგია – ჰოლანდია (ანტვერპენი)
7 აგვისტო
ისლანდია – ჰოლანდია (რეიკიავიკი)
9 აგვისტო
ისლანდია – ჰოლანდია (რეიკიავიკი)
12 აგვისტო
ჰოლანდია – ილინოისის უნივერსიტეტი (როტერდამი)
14 აგვისტო
ჰოლანდია – დიდი ბრიტანეთი (ლეიდენი)
16 აგვისტო
ჰოლანდია – პორტუგალია (ლეიდენი)
20 აგვისტო
ფილიპინები – ჰოლანდია (ტალინი)
21 აგვისტო
ისლანდია – ჰოლანდია (ტალინი)
22 აგვისტო
ესტონეთი – ჰოლანდია (ტალინი)
27 აგვისტო
საბერძნეთი – ჰოლანდია (ათენი)
28 აგვისტო
ლიტვა – ჰოლანდია (ათენი)
29 აგვისტო
თურქეთი – ჰოლანდია (ათენი)