როგორც “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება ჯაბა დვალმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 30 წლის ფეხბურთელი საბურთალოელთა სრულუფლებიანი წევრია. ქართულმა კლუბმა მოლდოვურ დაჩიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
“დაახლოებით ერთი თვეა რაც “საბურთალოში” ვვარჯიშობ. შთაბეჭდილებები დადებითი და სასიამოვნოა – ძალიან მეგობრული გუნდია, როგორც მინდორზე, ასევე მინდორს გარეთ. ეს ფაქტორი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და წარმატებაში დიდი როლის შეტანა შეუძლია. კლუბში ისეთი განწყობაა, რომ გიხარია ვარჯიში და თამაში” – აღნიშნა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
ჯაბა დვალი “დინამო თბილისის”, საჩხერის “ჩიხურას”, “ზესტაფონის”, მოლდოვური “დაჩიას”, “ყარაბაღის” და რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ფეხბურთელია.
გია ჭიაბრიშვილი და ჯაბა დვალი “ზესტაფონში” ერთად მუშაობდნენ. დვალის კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდიც სწორედ იმერულ კლუბს უკავშირდება.