სხვა

22:28 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დახურულია

ოლიმპიურ სოფელში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიება მოძრაობის თეატრის მსახიობებმა გახსნეს, შემდეგ კი ანსამბლმა “მძლევალმა” საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ სცენაზე გამოიტანეს ქვეყნების დროშა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში.

სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

“ჩემთვის ძვირფასია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ამ ღონისძიების თითოეული წამი. ამ კვირის განმავლობაში გავხდი საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულების, ოსტატობის, პროფესიონალიზმის, გამბედაობისა და გამძლეობის, გუნდური მუშაობის და სამართლიანი შეჯიბრის მოწმე.

დიდი მადლობა სპორტსმენთა მწვრთნელებს, სპორტსმენთა მშობლებს, მათ ოჯახებს. ოლიმპიური ფესტივალის საროგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე ბატონ ალექსი ახვლედიანს, ასევე თბილისის მერიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. თითოეულ ორგანიზატორსა და მოხალისეს” – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეს კოსიანჩიჩი:

“ჩვენ დავინახეთ მეგობრობა, სამართლიანი თამაში. თქვენ თბილისი შეავსეთ უდიდესი ენერგიით. ექვსი დღე შემოგვთავაზეთ უმაღლესი დონის შეჯიბრები, მეგობრობის და პაექრობის მაგალითები. დიდი მადლობა საქართველოს პრემიერმინისტრს, საოგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს ბატონ ალექს ახვლედიანს, თბილისის მერს და ყველა ორგანიზატორს. დიდი მადლობა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს” –განაცხადა კოსიანჩიჩმა, რომლის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიმართა:

”თბილისში გამართული ახალგაზრდული ფეტსივალი უდაოდ დაიკავებს ღირსეულ ადგილს ოლიმპიურ ფესტივალებს შორის. ეს იყო დაუვიწყარი დღეები. სტუმრებს არასდროს დავიწყდებათ ეს ქალაქი, რომელმაც ღირსეულად დაიცვა ოლიმპიური დროშა” – აღნიშნა ნარმანიამ.

2017 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უნგრეთის ქალაქ დიორში გაიმართება. ამის აღსანიშნავად ოლიმპიური დროშა უნგრეთის ვიცემერს დავიდ ფეკაის გადაეცა, შემდეგ კი აღიმართა უნგრეთის დროშა და შესრულდა უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნი.

2017 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 10 სახეობა იქნება წარმოდგენილი. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს კიდევ ერთი სახეობა – ნიჩბოსნობა დაემატება.

0.216317