სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:44 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია იწყებს: პირველ ტიტულს ვოლფსბურგში გაითამაშებენ

დღეს, გერმანიაში 2015-2016 წლების საფეხბურთო სეზონი სტარტს ოფიციალურად აიღებს. ვოლფსბურგში, სუპერთასის მატჩია - ადგილობრივი გუნდი, რომელმაც წინა სეზონში თასი მოიგო, ჩემპიონ მიუნხენის "ბაიერნს" დაუხვდება.

"მგლებმა" გასული სეზონი ბევრისთვის მოულოდნელად ჩინებულად ჩაატარეს და ტიტულთან ერთად ბუნდესლიგის სეზონი საპატიო მეორე პოზიციაზე დაასრულეს. რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. დიტერ ჰეკინგის გუნდი სატრანსფერო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამორჩეულა, მაგრამ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა.

"ვოლფსბურგმა" ქვეყნის თასი "დორტმუნდის" ძლევის შემდგომ მოახერხა. საერთოდ, ამ გუნდმა გასული სეზონი გადასარევად ჩაატარა. განსაკუთრებულად, კი შეტევის ხაზში გამოირჩა. ბას დოსტი, ივან პერიშიჩი, მაქს არნოლდი და რაღა თქმა უნდა კევინ დე ბრუინი "ვოლსვაგენ არენაზე" ძირითად ამინდს ქმნიან.

"ვოლფსბურგს" გერმანიის სუპერთასი აქამდე არ მოუგია. 2009 წელს ჩემპიონის რანგში ბრემენის "ვერდერთან" 1:2 წააგო.

მიუნხენის "ბაიერნი" კი დღევანდელი მატჩის ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობს. პეპ გვარდიოლას გუნდი ბასტიან შვაინშტაიგერმა დატოვა. ბასტიანი კი ის ფეხბურთელია, რომლის გარეშეც ბოლო წლების "რეკორდმაისტერის" ხილვა რთული წარმოსადგენია. სამაგიეროდ, გუნდში მოვიდა არტურო ვიდალი, ვინც გერმანულ ფეხბურთს კარგად იცნობს. მის გარდა, აღსანიშნავია ბრაზილიელი დუგლას კოშტას ტრანსფერი, ვინაც სპარინგებში თავი აქტიური თამაშით დაგვამახსოვრა.

მიუნხენურ გრანდს სუპერთასისთვის ჯამში რვაჯერ უთამაშია - 4 მოგება, 4 ფრე.

ისიც სათქმელია, რომ აქამდე ბოლო სამ სეზონში ამ ტიტულისთვის "ბაიერნი" და "დორტმუნდი" ეჯიბრებოდნენ, თუ 2012 წელს "რეკორდმაისტერმა" იმარჯვა, ბოლო ორ სეზონში გამარჯვება "ბორუსიას" რჩებოდა. მოკლედ, "ბაიერნს" სუპერთასის მოგებისთვის მოტივაცია არ აკლია.

თანაც, გასულ სეზონში ბუნდესლიგაში "ვოლფსბურგმა" გვარდიოლას გუნდი 4:1 გაანადგურა. ასე რომ, მიუნხენელებს რევანშიც ასაღები აქვთ. რამდენად გამოუვათ, ამას გვიან საღამოს გავიგებთ.

"ბაიერნს" ოპონენტი ყველაზე დიდი ანგარიშით (6:1) ორჯერ ჰყავს დამარცხებული - 2014 წლის 8 მარტს ბუნდესლიგაში და 2013 წლის 6 აპრილს გერმანიის თასზე. "ვოლფსბურგმა" კი ყველაზე დასამახსოვრებელი მარცხი "ბაიერნს" 2009 წლის 4 აპრილს ბუნდესლიგაში აგემა, როცა 5:1 გაანადგურა.

"ვოლფსბურგს" დღევანდელ მატჩში სხვადასხვა მიზეზთა გამო ბას დოსტი, აარონ ჰანტი, ლუის გუსტავო და ივან პერიშიჩი დააკლდება. მოკლედ, ჰეკინგს შემადგნელობაში სერიოზული პრობლემები აქვს. რაც შეეხება მის ოპონენტს - გვარდიოლა ჰოლგერ ბადშტუბერს, დანტეს, იან კირხოფს, ხავი მარტინესს, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს მოისაკლისებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბაიერნი" - "ვოლფსბურგი"

ვოლფსბურგი, "ვოლსვაგენ არენა", 22:30 საათი

"ბაიერნი" (3-4-3): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ალაბა; ლამი, ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა, ბერნატი; მიულერი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

"ვოლფსბურგი" (4-2-3-1): ბენალიო; იუნგი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი; არნოლდი, ტრეში; კალიჯური, დე ბრუინი, შურლე; კრუსე

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

მსაჯი: მარკო ფრიტცი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111811