მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “სამეფო კლუბმა” ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ხესუს ვალეხო “სარაგოსასგან” დაიმატა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა “რეალთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 18 წლის ხესუსი მომდევნო სეზონს “სარაგოსაში” იჯარის წესით გაატარებს.
არაოფიციალური ცნობით, ესპანურმა გრანდმა მცველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ვალეხო ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელიც გახლავთ. 2015 წელს 19-წლამდელ ნაკრებთან ერთად ვალეხო ევროპის ჩემპიონი გახდა. ესპანელი გუნდს კაპიტნობდა და ყველა მატჩში შეუცვლელად იასპარეზა.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა “სარაგოსას” რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.