თბილისი 2015-ის დასკვნით დღეს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე ალექსი ახვლედიანმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს და ტურნირი შეაფასეს.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა იანეს კოჩიანჩიჩმა თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმაღლესი შეფასება მისცა:
“ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისის ახალგაზრდულ ფესტივალს მაღალი შეაფასება მისცა. ვიხილეთ მაღალი დონის ტურნირი, რაც ევროპულ ღირებულებებს აშკარად ასახავდა. რიგით მეცამეტე ტურნირი ყველაზე მასშტაბური გახლდათ. მონაწილეობა მიიღო 2340 სპორტსმენმა. ტურნირს 2000 მოხალისე ემსახურებოდა. ფესტივალის სპორტული სახეობები 11 ობიექტზე ჩატარდა. ტურნირისთვის 6 ახალი ობიექტი აშენდა, ორიც კი სრულად რეაბილიტირებული გახლდათ. ფესტივალზე 300 აკრედიტირებული მედია წარმომადგენელი გახლდათ. ფესტივალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სულ კი 120 მედალი გადაეცემა სპორტსმენებს. თბილისის ფესტივალის მიზანი მაღალ დონეზე ჩატარება გახლდათ, რადგან ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ევროპა დაახლოებით მედლების 48%-ს ისაკუთრებს, შესაბამისად, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ ბიძგი, რათა მომავალში ბებერ კონტინენტს წარმატება მოუტანონ.”
ჯოზეფ ლიბა (ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავჯდომარე): “მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი რამდენიმე საათში დაიხურება. თბილისში კარგი გარემო შეიქმნა და ქალაქი აღნიშნული ფესტივალით ევროპაში წარმოჩინდა. ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. საქართველოს დედაქალაქში ფესტივალისთვის ბევრი ობიექტი აშენდა და ეს ყველაფერი თქვენ ქვეყანას გამოადგება. ქართველ სპორტსმენებს შანსი ექნებათ მომავალში უფრო კარგად მოემზადონ. ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა და მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ტურნირის ორგანიზებაში.”
ლერი ხაბელოვი (საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი): “ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილე ადამიანებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ახალგაზრდული ოლიმპიადის თამასა ავწიეთ და ეს ბიძგი იქნება უგრეთისთვის, რათა მომდევნო ოლიმპიადა უფრო მაღალ დონეზე ჩაატაროს. ფესტივალი შედგა და ყველას გილოცავთ ამ წარმატებას.”
ალექსი ახვლედიანი (ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე): მინდა საქართველოს მივულოცო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება. თბილისი 2015-მა შეძლო ახალი სტანდარტების დამკვიდრება ევროპაში. მადლობა მათ, ვინც ტურნირის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო. რა თქმა უნდა, ტურნირის მსვლელობისას იყო ხარვეზები, მაგრამ საგანგაშო არა, რადგან წუნი დასაშვებ მინიმუმზე ნაკლები გახლდათ. ფესტივალის დახურვის ცერემონიალი გახსნისგან განსხვავებით პომპეზური არ იქნება.”
კითხვაზე იყო თუ არა თბილისში ჩატარებული ოლიმპიური ფესტივალი წინამორბედებისგან განსხვავებით უკეთესი, ჯოზეფ ლიბამ შემდეგაირი კომენტარი გააკეთა: “საქართველოში მივაღწიეთ უმაღლესი დონის ტურნირის ჩატარების შედეგს. საჭირო არაა წარსულში ქექვა, ჩვენ მომავალს ვუყურებთ. 2017 წელს ახალგაზრდული ფესტივალი უნგრეთში ჩატარდება და მათი წარმომადგენლები საქართველოში გახლდნენ. ისინი აკვირდებოდნენ ტურნირს, ბევრი ისწავლეს ქართველებისგან და მომავალი ოლიმპიადისთვის უფრო კარგად მოემზადებიან.”
თბილისი 2015-სთვის სპორტული ობიექტები აშენდა. სულ ტურნირისთვის 11 ობიექტი მუშაობდა. ლერი ხაბელოვს სპორტული კომპლექსების მართვის სხვადასხვა გეგმა აქვს: “ობიექტების მართვასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ შეიძლება ფედერაციებს დავუქვემდებაროთ. აგრეთვე გვაქვს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ობიექტების ნახევარი მთავრობამ მართოს, ნახევარი კი ფედერაციებმა. ამ პრინციპმა შესაძლოა კიდევ უფრო დიდი შედეგი მოუტანოს ქართულ სპორტს.”
საბოლოო ჯამში თბილისი 2015 დადებითად შეფასდა და ეს ევროპის კომიტეტის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. დღეს, 21:00 საათზე, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოლიმპიურ სოფელში საზეიმოდ დაიხურება.