2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან პირველმა საკონტროლო მატჩების სერია ხორვატებმა გახსნეს. ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლებმა სლავონსკი ბროდში ახალი ზელანდია მიიღეს და როკ სტპჩევიჩის მიერ საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანის წყალობით, 70:68 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ ხორვატთა თავკაცმა ველიმირ პერასოვიჩმა საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა და რამდენიმე ლიდერი საერთოდ არ დაუტვირთავს. მაგალითად, მოედანზე არ გამოჩენილან ნატურალიზებული ამერიკელი ოლივერ ლაფაიეტი, ბოიან ბოგდანოვიჩი, მარიო ჰეზონია, ანტე ტომიჩი, დამიან რუდეზი, კრუნოსლავ სიმონი, დარიო სარიჩი და ლუკა ზორიჩი.
ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ ზელანდიელებმა ევროპელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. კუნძულელები ავსტრალიასთან ოლიმპიადის შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან და ხორვატიასთან თამაშს ერთ-ერთ გენერალურ რეპეტიციად განიხილავდნენ, ამდენად, ბოლომდე იბრძოლეს.
მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე სტუმართა ერთ-ერთმა ლიდერმა მიკა ვუკონამ ზელანდიის ნაკრები დააწინაურა კიდეც, თუმცა, დასკვნით შეტევაში შორი მანძილიდან სტიპჩევიჩმა ჩააგდო. მასპინძელთა რიგებში 14 ქულით საუკეთესო სწორედ ის გახლდათ, 10-ქულიან ზღვარს კი როკო უკიჩი (11) და მირო ბილანიც (11) ასცდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხორვატია და საქართველო ევრობასკეტ-2013-ის ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იყვნენ, ამჯერად კი, ზაგრებში განაწილებულ C ჯგუფში მეტოქეებად კიდევ ერთი ნაცნობი სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია ეყოლებათ. ხორვატულ-ქართული დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 10 სექტემბერს შედგება.
ხორვატია – ახალი ზელანდია 70:68 (20:20, 21:17, 16:9, 13:22)
ხორვატია: ბუვა (6 წ. 4 ქ.), კატიჩი (8 წ. 3 ქ.), სტიპჩევიჩი (32 წ. 14 ქ. 3 მ. 5 პ.), სირისჩევიჩი (10 წ. 3 ჩ.), სობინი (18 წ. 9 ქ. 3 მ.), საკიჩი (29 წ. 6 ქ.), უკიჩი (27 წ. 11 ქ. 4 პ.), მ.რამლიაკი (28 წ. 1 ქ. 3 მ. 4 პ.), ი.რამლიაკი (28 წ. 1 ქ. 4 პ.), ვრკიჩი (2 წ. 2 ქ.), ზუბჩიჩი (13 წ. 3 ქ.), ბილანი (24 წ. 11 ქ.).
მწვრთნელი: ველიმირ პერასოვიჩი