საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს ანგარიში გახსნა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რობინზონ ბეგლარაშვილი ავიდა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან ევროპის მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა.
ფინალამდე ბეგლარაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე სუფთად მოიგო. სომეხი ტიგრან ბადალიანი 3 წუთსა და 59 წამში ორჯერ დასცა ვაზარზე. აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაგიმოვს ორ წუთში მოუმთავრა საქმე ეფექტური გდებით. ნახევარფინალში კი ჰოლანდიელი ლარს კამფუისის დასაიპონებლად მხოლოდ 32 წამი იკმარა.
დღესვე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიის ტატამზე კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ორივე საპრიზო სამეულში შევიდა. ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ნინიაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან მარცხით. შეხვედრის ძირითადი დრო უილეთოდ გაილია. ძიუდოისტებმა ვერც ოქროს დროის პირველ ორ წუთში შეძლეს გდების შესრულება და საბოლოო გადაწყვეტილება მსაჯთა მაგიდამ მიიღო. არბიტრებმა ჩათვალეს, რომ ნინიაშვილი მეტოქესთან შედარებით პასიური იყო, გააფრთხილეს და ფინალის საგზური ესპოზიტოს მოაპოვებინეს.
ამ შეხვედრამდე ბაგრატ ნინიაშვილმა მოლდოველი კონსტანტინ გაბუნი გაფრთხილებით ჩამოიშორა. ებრაელ ოფეკ შანის კი ვაზარზე დასაგდებად და შესაბოჭად ნახევარი წუთი აკმარა.
ნატალია ყიფშიძე ძირითად ბადეს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა, თურქ ტუგჩე ბედერთან ორი გაფრთხილებით წაგების გამო. დამამშვიდებელ ეტაპზე კი სამი მეტოქე ჩამოიშორა. რუს დარია ხარლაპანოვას შიდოთი გასცდა. ჩეხი დენისა ბერანოვა 32 წამში დააძინა. "ბრინჯაოს ფინალში” კი ბრიტანელ კიერა ბეტმენს უილეთოდ, ორი შიდოთი გაუსწორდა.
ხვალ მედლები მამაკაცთა შორის 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ქალებში – 52 და 57 კილოგრამებში. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ ევროპის მოქმედი ჩემპიონები: ლაშა დუდაშვილი (73 კგ) და მზია ბებოშვილი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
ძიუდო
თბილისი 2015
29 ივლისი
ვაჟები
60 კგ
1 რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)
2 მანუელ ლომბარდო (იტალია)
3 ისმაილ იბრაგიმოვი (აზერბაიჯანი)
3 ლარს კამფუისი (ჰოლანდია)
66 კგ
1 ჯოვანი ესპოზიტო (იტალია)
2 გევორგ მანუკიანი (უკრაინა)
3 ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო)
3 იორის ბოესი (გერმანია)
გოგონები
48 კგ
1 კაროლინ მარკუს ტაბელიონი (საფრანგეთი)
2 სარა ჰერმანი (გერმანია)
3 ნატალია ყიფშიძე (საქართველო)
3 ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი)