კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) რუსეთის საკალათბურთო ნაკრები გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია FIBA-ს ბიუროს წევრის, რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სერგეი ჩერნოვის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთაშორისო ფედერაციის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა გახდა.
“FIBA-დან რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში მოვიდა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის ნაკრები გუნდები მოხსნილნი არიან საერთაშორისო ტურნირებიდან კალათბურთის ფედერაციის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო. დღეისათვის რუსეთის კალათბურთის ფედერაცია FIBA-ს წევრი არაა. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ იმაზე თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. რეალური საფრთხის წინაშე დგას ვაჟთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატზე და 2016 წელს ოლიმპიადაზე” – აცხადებს ჩერნოვი.
ამავდროულად, ეს აკრძალვა არ გავრცელდება რუსეთის იმ ნაკრებ გუნდებზე და მსაჯებზე, რომლებიც ამჟამად მონაწილეობენ ან უახლოეს დღეებში უწევთ ასპარეზობა საერთაშორისო ტურნირებზე, ხოლო მიიღებს თუ არა რუსეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობას სექტემბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია 8-9 აგვისტოს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე გამოაცხადებს.
როგორც ცნობილია, 18 ივლისს მოსკოვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, რუსეთის კალათბურთის ფედერაციას დაეკისრა პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნების უახლოეს პერიოდში ჩატარება. სწორედ ამას მოჰყვა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის სანქციაც.