ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე, რომელიც ამჟამად ეროვნული ნაკრების შეკრებაზე სლოვენიურ პოდჩეტრტეკში იმყოფება, იტალიის სერია A2-ის წევრ “აურორა ბასკეტ ჯესიში” ჩაირიცხა და ამ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანელიძემ გასული სეზონი იტალიის რანგით მე-3 ლიგის ბინადარ “როზეტო შარკსში” გაატარა, სადაც საშუალოდ 23 წუთში 6.8 ქულას და 5.5 მოხსნას აგროვებდა. ამდენად, ეს, მისთვის კარიერული წინსვლაა.
ცნობისთვის, მომავალ სეზონში სერია A2-ში ერთბაშად 32 კლუბი ითამაშებს, რომლებიც ორ დივიზიონში არიან გადანაწილებულნი. ჯანელიძის ახალი კლუბი აღმოსავლეთ ზონაში იასპარეზებს.
“მოხარული ვართ, გიგა ჩვენს გუნდში მივიღოთ. ის ნამდვილი მებრძოლია, რომელიც დიდ ენერგიას შეგვმატებს. ჩვენ ახალგაზრდა, თუმცა, უკვე საკმაო გამოცდილების მქონე კალათბურთელს ვეძებდით და გიგაზე არჩევანი სწორედ ამიტომ შევაჩერეთ”, - აღნიშნა “აურორა ბასკეტ ჯესის” გენერალურმა დირექტორმა ლადინელიმ.
“ჯესის იტალიურ კალათბურთში საკმაოდ კარგად იცნობენ. მიხარია, რომ ამ კლუბის წევრი გავხდი. საკმაოდ მაღალ დონეზე მე-2 წელს ჩავატარებ და იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, მაქსიმუმს გავაკეთებ”- განაცხადა ჯანელიძემ, რომელიც “აურორა ბასკეტ ჯესიშიც” 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.