კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი “ომონიასა” და “იაგოლენიას” შორის შედგა. უჩა ლობჟანიძის გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კი მერვე წუთზე კილიან შერიდანმა გაიტანა. პირველი მატჩი კვიპროსელებმა სტუმრად ფრედ 0:0 ითამაშეს. შემდეგ ეტაპზე “ომონია” “ბრონდბიუს” დაუპირისპირდება.
ქართველი ლეგიონერებიდან 90 წუთი უჩა ლობჟანიძემ ითამაშა. “ჯვაროსნების” ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ კი მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.
მძიმე ბრძოლა გადაიტანა ბაქოს “ინტერმა”. ზაურ სვანიძის გუნდმა “ჰაფნარფიორდურთან” პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგო, ხოლო შინ 1:2 წააგო. ჰუსეინოვმა ნიკა კვეკვესკირის გადაცემით პირველი ტაიმის დამატებით დროში გოლი გაიტანა. სტუმრებმა კი შესვენების შემდეგ 47-ე და 52-ე წუთებზე სასურველი გოლები გაიტანეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. “ინტერს” მესამე ეტაპის საგზური რაუფ ალიევმა მოუტანა. აზერბაიჯანელმა 91-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქართველი ლეგიონერებიდან ლაშა კასრაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშეს, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. “ინტერი” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ “ბილბაოს” შეხვდება.