მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებში, რომელიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა ერთ-ერთი მეტოქეა, მოულოდნელი სიახლეა. ადგილობრივმა კალათბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაუწყვიტა მთავარ მწვრთნელ ალეკსანდარ ჯიკიჩს და ტურნირამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე, გუნდი ახალი თავკაცს ჩააბარა.
თუ რა გახდა სერბ სპეციალისტთან განშორების მიზეზი, ცოტა ბუნდოვანია. მაკედონიელთა გავრცელებულ ოფიციალურ პრეს-რელიზში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ჯიკიჩს გარკვეული პრობლემები ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში წარმოექმნა და ფედერაციის საბჭომაც მასთან განშორება ერთხმად გადაწყვიტა.
ასეა თუ ისე, ევრობასკეტ-2015-ის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის ამბავში, საქართველოს ეროვნული ნაკრების კონკურენტს მოულოდნელი პრობლემები წარმოექმნა და ეს, მათ მზადებაზე კარგად ნამდვილად არ აისახება. მითუმეტეს, რომ უკვე კვირას ნაკრები სამედიცინო შემოწმების გასავლელად იკრიბება, ორშაბათიდან კი ვარჯიშები უნდა დაიწყოს.
ცნობისთვის, ჯიკიჩმა მაკედონიელები “ჩაგდებული” 2013 წლის ევროპირველობის შემდეგ ჩაიბარა, სადაც გუნდმა პირველი რაუნდიც ვერ დასძლია. 43 წლის სერბმა მწვრთნელმა სლოვენიელი ალეშ პიპანი ჩაანაცვლა და ევრობასკეტ-2015-ის საკვალიფიკაციო ეტაპიც გაიარა. მაშინ მაკედონიელებმა ბელარუსს და დანიას აჯობეს და მართალია, ბელგიას ჩამორჩნენ, ფინალური ეტაპის საგზური მაინც მოიპოვეს.
რაც შეეხება მაკედონიელთა ახალ თავკაცს. მარიან სრბინოვსკი ადგილობრივი სპეციალისტია და დიდი გამოცდილებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ის ნაკრებში ჯიკიჩის ასისტენტად მუშაობდა და უდავოა, რომ სხვა ვითარებაში ეროვნულ გუნდს არ ჩააბარებდნენ, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში კი ფედერაციაში სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მაკედონიელები ქართველთა გარდა, მასპინძელ ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას და ჰოლანდიას ეთამაშებიან. ისიც ვთქვათ, რომ ქართულ-მაკედონიური დაპირისპირება ზაგრებში 9 სექტემბერს გახლავთა დაგეგმილი.