ფეხბურთი

12:20 | 22.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვიყვარს, მაგრამ კარში დარტყმა გვავიწყდება...

საქართველოში ფეხბურთი იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე ამას ქართველი ხალხისგან სპორტის ეს მშვენიერი სახეობა იმსახურებს. თუმცა, სიყვარულის არსიც ხომ მაგაშია, იმაზე მეტად სიყვარულში, ვიდრე კონკრეტული ობიექტი თუ სუბიექტი ამას იმსახურებს.

ევროტურნირები ნორმალურად ჯერ არ გახურებულა და რაც უნდა სავავალოც იყოს, ჩვენთვის იგი უკვე დასრულებულია. ახლა, ველოდებით მომავალ ზაფხულს, ახალი იმედითა და ახალი მოლოდინით... ამ იმედსა და მოლოდინში კი უკვე წლები მიდის და ჩვენ მეთოდურად საფეხბურთო რუქაზე ვემსგავსებით ისეთ ქვეყნებს, რომელთანაც ახლო თუ შორეულ წარსულში თავის გაყადრებაც კი გვეხამუშებოდა, მაგრამ ფაქტია და ფაქტებს ვერსად გავექცევით, ხოლო რეალობისთვის გვერდის ავლას, ისევ მისთვის თვალებში ჩახედვა სჯობს.

წლევანდელმა ევროსარბიელმა დაგვანახა, რომ ჩვენს საზომად უკვე აღარც "გაბალა" გამოდგება და აღარც "ბოტოშანი", "პარტიზანზე" რომ არაფერი ვთქვათ...

4 ქართული კლუბი, რომელთაგანაც თავისთვის პირველი ბარიერი ვერცერთმა მათგანმა დაძლია - აი, ესაა რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. წარსული არ ბრუნდება, მაგრამ ახლა, წარსულის გახსენება მაინც მოგვიწევს, რადგან დავინახოთ ის განსხვავება, რაც სახეზე გვაქვს.

2011 წელს, ევროპის ლიგაზე მიჯრით ორი ბარიერი ორმა ქართულმა გუნდმა გაიარა და "დინამომ" და "ზესტაფონმა" ავად თუ კარგად, ასე თუ ისე საშუალო ევროპულ კლუბებთან მაინც იჭიდავეს ("კარპატი" და "შტურმი"). ერთი წლის თავზე კი კიდევ უფრო წარმატებით გავედით საერთაშორისო ასპარეზზე - ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპთან იმავე "ზესტაფონსა" და "დინამოს" ერთი ნაბიჯი დააკლდათ. ალბათ, გახსოვთ, ათენის "აეკთან" გამართული თბილისური მატჩი და მის გახსენებას აღარ შევუდგებით. ალბათ, ისიც გახსოვთ, ბელგიურ "ბრიუგეს" როგორ მედგრად დაუდგა საკუთარ მოედანზე იმერული "ზესტაფონი", ხოლო იგივე გუნდი მანამდე გრაცის "შტურმსაც" ბოლომდე ეომა ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდში... იმევე წელს კი აგერ უკვე არარსებულმა რუსთავის "მეტალრუგმა" ორი ეტაპი გაიარა და მართალია, მესამე ეტაპზე უბრძოლველად წააგო, მაგრამ მეტოქე გახსოვთ? - ფრანგული "რენი"... ახლა ასეთი მეტოქეებიც სანატრელი რომ გვყავს მაგას რა ვუყოთ?..

2013 წელს უკვე გორის "დილამ" გვასახელა. დიახ, გვასახელა, რადგან პლეი-ოფში გავიდა და მესამე ეტაპზე გამოცდილი "ანორთოსისი" ისეთ დღეში ჩააგდო, რომ კვიპროსელი გულშემატკივრები თავიანთ ფეხბურთელებს დაერივნენ... 2014 წელსაც ისევ შიდაქართლური გუნდი შემორჩა ევროარენას ყველაზე დიდხანს, თუმცა სამწუხაროდ, პლეი-ოფი ისევ მაქსიმუმი აღმოჩნდა, გადაულახავი ბარიერი კი ამჯერად, ვენის "რაპიდი" გამოდგა. "დილას" მსგავსად პლეი-ოფს უწია თბილისის "დინამომაც", რომელიც თვით ლონდონის "ტოტენჰემს" გაეჯიბრება, მაგრამ გაჯიბრება ამას ნაკლებად ერქვა, თუმცა ახლა ესეც სანატრელი რომ გვაქვს?..

ერთი წლის წინ კი საჩხერის "ჩიხურამ" გაიარა ორი ეტაპი და ბაქოს "ნეფთჩის", რომელიც მასზე ბევრად გამოცდილიც იყო და ბევრად მაღალი ბიუჯეტიც ჰქონდა (აქვს), ტოლსწორად ეთამაშა, ხოლო მანამდე თვით თურქული "ბურსასფორი" ჩამოიცილა გზიდან, ის "ბურსასფორი", რომელიც, როცა "ჩიხურა" საქართველოს უმაღლეს ლიგას უშინაურდებოდა, ჩემპიონთა ლიგაში "ვალენსიებსა" თუ "მანჩესტერ იუნაიტედებს" ეთამაშებოდა...

ეს ახლოს წარსულში იყო, შორეული წარსულის გახსენებაც ძალზე მარტივია, მაგრამ წარსულს, უკვე მომხდარს არანაირი აზრი არ აქვს, მთავარი აწმყოა, აწმყო კი ვხედავთ როგორიც გვაქვს... ეს წარსული კი რაც გავიხსენეთ, მხოლოდ შედარებისთვის, იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ საით მივექანებით...

თუ ასე გავაგრძელებთ, შორს არ იქნება ის დღე, როცა მალტური თუ ლუქსემბურგული გუნდებიც ჩვენი საკბილოებიც აღარ იქნებიან.

მართალია, რთულია, ყოველ წელს, ან უფრო უარეს შემთხვევაში ექვს თვეში ერთხელ, რომ ახალი გუნდის შენება გიწევს, როცა შენი სახელფასო ბიუჯეტი სხვა, თუნდაც იმავე მალტური გუნდების ბიუჯეტს ერთი-ორად ჩამოუვარდება რაიმე მოტივაციაზე საუბარი, მაგრამ ბრძოლასა და ჯიგარს მაინცდამაინც დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება. მთავარია შენი საქმე გიყვარდეს ადამიანს, თორემ კარში ერთხელ დარტყმას რომ ვერ შეძლებ, მაგას მხოლოდ ბიუჯეტი არ უნდა და კარში დარტყმა (მეტწილად გასვლით მატჩებში), რომ სანატრელი გვქონდა წლევანდელ ევროსარბიელზე, კარგად დავინახეთ. უბრალოდ, სტატისტიკის მოყვანაც კმარა: 4 მატჩი და ერთადერთი გოლი, რომელიც მთლიანად "ცხინვალის" ფორვარდის, ნიკა კაჭარავას ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო...

და მაინც, სასწავლი მარტო კარში დარტყმა არ გვაქვს, სასწავლი სხვა რამეც გვაქვს - ქომაგობა!

ის, რაც "დილა" - "პარტიზანის" მატჩისას მოხდა, ადგილობრივ გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს შორის, ენით აღუწერელია და მასზე წერასაც აზრი არ ექნება თუ ჩვენივე გულებში არ ჩავიხედავთ. მაგალითის აღება ბევრისგან შეიძლება, მაგალითში კი რაღა თქმა უნდა კარგს ვგულისხმობ, თორემ ცუდი ისედაც ვიცით. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის იმიჯზე დადებითად ვერ მოქმედებს. ისიც გასაგებია, რომ გულშემატკივარს ამდენი მარცხისგან თუ დამცირებისგან გული სტკივა, რადგან როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენთან ფეხბურთი იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე ამას იმსახურებს, მაგრამ ლანძღვა-გინებით პირდაპირ მოედანზე არაფერი გამოვა, საშველი სხვა რამეში უნდა ვეძებოთ და თუ მაიცდამაინც ჯავრის ყრა გვინდა, ამისათვის მარტო ფეხბურთელების გაწირვა ვერ გამართლდება. თანაც, გუნდში ერთი თვის (ან არც) მოსული ფეხბურთელების...

ალბათ, მაშინ გამოჩნდება ნათელი, როცა ქართული გუნდები თავიანთი ქალაქების გამგეობებზე თუ მუნიციპალიტეტებზე გამოწვდილ თანხაზე არ იქნებიან დამოკიდებულნი და ყველა გუნდს კერძო ინვესტორი ეყოლება - ამის იქით სხვა გზა უკვე უბრალოდ აღარ ჩანს...

და ამის შემდეგ, როცა საკლუბო ფეხბურთი ასეა მოწყობილი, გვიკვირს ეროვნული ნკარების წარუმატებელი თამაში... უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ჩვენში ფეხბურთი იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე იმსახურებს. და მაინც, ნამდვილი სიყვარულიც სწორედ ასეთია...

ახლა, ახალი სეზონი დაიწყება, მერე ზაფხულიც მალე მოვა და ევროსარბიელს ისევ დავუბრუნდებით, ახალი მოლოდინით, ახალი იმედებით...

0.113989