ფეხბურთი

19:44 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზორან მილინკოვიჩი:“ჩვენი სტილი სწრაფი გოლის გატანაა და შევუტევთ“

ბელგრადის „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილასთან“ საპასუხო მატჩამდე სასტუმრო „ჰოლიდე ინ”-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტოქისგან პირველი შეხვედრისგან განსხვავებულ თამაშს ელის, მაგრამ მისი გუნდი დაცვაში არ ჩაჯდება. სერბების პრესკონფერენციაზე თარჯიმნობა „პარტიზანის“ ფეხბურთელმა გრეგორი ბალაჟიცმა გასწია, რომელსაც ლოვის „კარპატში“ მურთაზ დაუშვილთან ერთად უთამაშია.

ზორა მილინკოვიჩი :“ჩვენ პირველი მატჩი 1:0 მოვიგეთ და ვიცით, რომ მეტოქეს 2 ბურთი აქვს გასატანი, თუმცა ხვალინდელ შეხვედრაშიც უნდა გავიმარჯვოთ. საჭიროა გოლი გავიტანოთ და ჩვენ კარში არ გავუშვათ, შემდეგ ეტაპზე მშვიდად რომ გავიდეთ. „დილას“ პატივს ვცემთ. ვფიქრობ ისეთ ფეხბურთს არ ითამაშებს, როგორიც ბელგრადში აჩვენა, როდესაც მთელი გუნდი დაცვაში იდგა, მეტოქე უფრო ხშირად შეგვიტევს გოლი რომ გაგვიტანოს, ამიტომ სრულებით სხვა მატჩი იქნება.“

გრეგორი ბალაჟიცი:“ჩემი აზრით ხვალ სხვა თამაში იქნება. „პარტიზანი“ „დილას“ პატივს სცემს, მაგრამ ჩვენი გუნდი ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად გადის. მომავალი თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით.“

-ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „პარტიზანს“ რა მიზანი აქვს? თქვენი აზრით, „დილადან“ პრობლემები ვის შეუძლია შეგიქმნათ?

მილინკოვიჩი:“ ჩვენი მიზანია რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ. კარგი გუნდი და ფეხბურთელები გვყავს. პირველი მატჩის შემდეგ „დილას“ მწვრთნელმა თქვა, რომ გორში სხვა თამაში იქნება და მისი გუნდი უფრო გააქტიურდება. როგორც ვიცით, ხვალ „დილას“ საუკეთესო ბომბარდირი მოდებაძეც ითამაშებს. „დილა“ საქართველოს ჩემპიონია და მომავალი მატჩისთვისაც სერიოზულად ემზადება.“

-საქართველოში რამდენი ფეხბურთელი ჩამოვიდა და ყველა მზადაა?

მილინკოვიჩი:“19 მოთამაშე ჩამოვიდა და ყველა მზადაა.“

-თამაშს გორში ატარებთ და წინა დღეს თბილისში რატომ ვარჯიშობთ?

მილინკოვიჩი:“ ბელგრადიდან 15:30 საათზე ჩამოვედით, გორამდე როგორც ვიცი დაახლოებით 70 კილომეტრია და იქ რომ წავსულიყავით მთელი დღე გზაში უნდა დაგვეკარგა. ჩემი ინფორმაციით გორში კარგი მინდორია და ამიტომ თბილისში ვივარჯიშებთ.“

-პირველ მატჩში „პარტიზანის უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ 1:0 გაიმარჯვეთ, ეს შედეგი რამდენად ლოგიკური იყო?

მილინკოვიჩი:“ საგოლე მომენტების რეალიზაცია ვერ შევძელით, რადგან სპორტული იღბალი არ გვეყო. ჩვენ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვიმსახურებით. გოლის გატანა რომ შეგვიძლია სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ვაჩვენეთ, როდესაც მეტოქეს 4 ბურთი გავუტანეთ. ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება.

-გორშიც შეუტევთ თუ დაცვიდან თამაშებთ?

მილინკოვიჩი:“ ჩვენ შევუტევთ, ჩვენი სტილი სწრაფი გოლის გატანაა. ეს ჩვენი ფეხბურთია და შეტევაზე ვითამაშებთ.“

პრესკონფერენციის შემდეგ „პარტიზანმა“ კარლო მჭედლიძის სახელობის აკადემიაში ივარჯიშა. ბელგრადელთა პრეს-ატაშის თქმით, მომავალ მატჩს ოცამდე სერბი გულშემატკივარი დაესწრება.

0.117225