როგორც წესი ზაფხული საფეხბურთო სამყაროში აქტიური სეზონი ნაკლებადაა თუ რა თქმა უნდა, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატი არ იმართება. დროის ამ მონაკვეთში ყოველთვის წინა პლანზე სატრანსფერო სიახლეები იწევს. გუნდები ცდილობენ შესაძლებლობის ფარგლებში გაძლიერდნენ და ახალი შევსება, ახალი სისხლი მიიღონ.
1 ივნისიდან, ანუ იმ დღიდან, როცა ზაფხულის ვაჭრობა ოფიციალურად იხსნება, აგერ ლამის ორი თვე მიილია და სატრანსფერო სიახლეებით გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია.
წარმოგიდგენთ წამყვანი ოთხი საფეხბურთო ქვეყნის (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია), ბობოლა გუნდების ფეხბურთელთა მიდი-მოდის ერთგვარ მოკლე მიმოხილვას.
ესპანეთი, ლა ლიგა
“რეალი” – მადრიდელებისთვის მინიმუმ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი არცერთ ზაფხულსაა მოულოდნელი. თუმცა, ჯერჯერობით “სამეფო კლუბი” ამ მხრივ არ გამორჩეულა. უფრო სწორად გამოირჩა, ოღონდ არა შენაძენით, არამედ გასხვისებით. “რეალი” გუნდის კაპიტანმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა იკერ კასილიასმა დატოვა. ვეტერანი კიპერის შესაძლო აბარგების შესახებ ჯერ კიდევ სეზონის მიმდინარეობისას ივარაუდებოდა, მაგრამ... მის შემცვლელად კი მადრიდში კარგა ხანს დავიდ დე ხეას განიხილავდნენ, თუმცა დე ხეამდე “გალაქტიკოსმა” “ესპანიოლის” კიპერი კიკო კასილია დაიმატა. მოკლედ, კასილიასის ნაცვლად მადრიდულ კარს ამიერიდან კასილია დაიცავს. გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულია ბრაზილიელი მცველი დანილო, რომელიც ესპანურმა გრანდმა ჯერ კიდევ აპრილში გაიფორმა. სხვა მხრივ, ამ დროისთვის “რეალის” საუკეთესო ახალწვეული მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესია.
მოვიდნენ: რაფა ბენიტესი (“ნაპოლიდან”), კიკო კასილია (“ესპანიოლიდან”), დანილო (“პორტუდან”), დენის ჩერიშევი ("ვილიარეალიდან"), კაზემირო ("პორტუდან"), ლუკას ვასკესი ("ესპანიოლიდან")
წავიდნენ: იკერ კასილიასი (“პორტუში”), სამი ხედირა (“იუვენტუსში”), ხავიერ ერნანდესი ("მანჩესტერში")
“ბარსელონა” – კატალონურ გრანდს მიმდინარე ზაფხულს ტრანსფერების განხორციელება ეკრძალება. უფრო სწორად შეუძლია, თუმცა ახალწვეული ფეხბურთელი “ბლაუგრანას” მაისურს მხოლოდ ზამთრიდან მოირგებს. ამიტომაცაა, რომ ლუის ენრიკეს შენაძენ ფეხბურთელთა შორის მხოლოდ თურქ არდა თურანისა და ალეიქს ვიდალის გვარებს ამოიკითხავთ. წამსვლელთა შორის კი მარტინ მონტოია ფიგურირებს, რომელიც ორწლიანი იჯარით მილანის “ინტერში” ითამაშებს. მთავარი კი რაღა თქმა უნდა, ლეგენდარული ჩავი ერნანდესის “კამპ ნოუს” დატოვება გახლდათ, რომელმაც ყატარულ “ალ სადს” მიაშურა.
მოვიდნენ: არდა თურანი (“ატლეტიკოდან”), ალეიქს ვიდალი ("სევილიადან")
წავიდნენ: ჩავი (“ალ სადში”), მარტინ მონტოია (“ინტერში”)
“ატლეტიკო” – დიეგო სიმეონეს გუნდი საინტერესო სატრანფერო სიახლებიით ყოველთვის გამოირჩევა. გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია. გუნდი დატოვა ხორვატმა ბომბარდირმა მარიო მანჯუკიჩმა. სამაგიეროდ, მას კოლუმბიელი ჯექსონ მარტინესი ჩაანაცვლებს. იტალიას და კერძოდ, “ინტერნაციონალეს” მიაშურა ბრაზილიელმა მცველმა მირანდამ. გუნდის მთავარი დანაკლისი კი ალბათ, მაინც არდა თურანია, რომელიც ახალი სეზონიდან “ბარსელონასთვის” გაირჯება.
მოვიდნენ: ჯექსონ მარტინესი (“პორტუდან”), ემილიანო ველასკუესი ("ხეტაფედან"), იანიკ ფერეირა-კარასკო ("მონაკოდან"), ოლივერ ტორესი ("პორტუდან"), აბდელკადერ კააბი ("ნამუანსიადან"), ლუსიანო ვიეტო ("ვილიარეალიდან"), ანხელ კორეა ("სან ლორენსოდან")
წავიდნენ: არდა თურანი (“ბარსელონაში”), მირანდა (“ინტერში”), მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსში”)
“ვალენსია” – ნუნუ ესპირიტოს გუნდი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. “ღამურები” გასულ სეზონში ახალგაზრდული და საინტერესო შემადგენლობით გამოირჩნენ. ამ დროისთვის “მესტალიას” ბინადრები ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას ახერხებენ. დამატებით კი მათ ვიგოს “სელტადან” საინტერესო ფორვარდი, სანტი მინა შეუერთდა.
წავიდნენ: რობერტ იბანესი, ლავა რუისი (ორივე "გრანადაში")
მოვიდნენ: სანტი მინა (“სელტადან”), ფედერიკო კარტაბია ("კორდობადან"), ზაკარია ბაკალი ("ეინდჰოვენიდან")
ინგლისი, პრემიერლიგა
“არსენალი” – ლონდონელთა მთავარი სიახლე 34 წლის პეტერ ჩეხის შეძენაა. ვეტერანმა კიპერმა “ჩელსის” სათადარიგოობას “მეთოფეთა” ძირითადი არჩია.
წავიდნენ: არავინ
მოვიდნენ: პეტერ ჩეხი (“ჩელსიდან”), ველინგტონ ალვეში ("ალმერიადან")
“ჩელსი” – ლონდონელთა ერთ წამსვლელზე ზემოთ უკვე ვთქვით. ჩეხის გარდა, კარს მომდგარი სეზონიდან ამ გუნდის კიდევ ერთ ცოცხალ ლეგენდას სხვაგან ვიხილავთ, ოღონდ სად, ჯერ უცნობია. საუბარი დიდიე დროგბაზეა. დროგბას კი “სტემფორდზე” რადამელ ფალკაო ჩაანაცვლებს, რომელიც მომავალ სეზონს ლონდონში იჯარით გაატარებს.
მოვიდნენ: რადამელ ფალკაო (“მონაკოდან”), ასმირ ბეგოვიჩი ("სტოკიდან")
წავიდნენ: პეტერ ჩეხი (“არსენალში”), დიდიე დროგბა (უგუნდოდაა)
“მანჩესტერ იუნაიტედი” – ალბიონზე ყველაზე ცხელი ზაფხული “ოლდ ტრაფორდზე” დგას. ლუის ვან გაალის გუნდმა კარგი შევსება მიიღო – მატეო დარმიანი, მორგან შნეიდერლინი, მემფის დეპაი და ბასტიან შვაინშტაიგერი – ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლების ამიერიდან “წითელ ეშმაკებისთვის” ითამაშებენ. შვაინშტაიგერის ტრანსფერი ჯერჯერობით მიმდინარე ბაზრობაზე ყველაზე ხმაურიანდაც შეიძლება მოინათლოს. სამაგიეროდ, გუნდიდან წავიდნენ თავდამსხმელები, რადამელ ფალკაო და რობინ ვან პერსი. პირველი “მანიუმ” არ გამოისყიდა, მეორე მათგანი კი სტამბოლის “ფენერბახჩეში” გაასხვისა.
მოვიდნენ: მორგან შნეიდერლინი (“საუთჰემპტონი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”), მატეო დარმიანი (“ტორინო”), მემფის დეპაი (“ეინდჰოვენი”), ხავიერ ერნანდესი ("რეალიდან")
წავიდნენ: რადამელ ფალკაო (“მონაკოში”), რობინ ვან პერსი (“ფენერბახჩეში”)
“ლივერპული” – ეს გუნდი ცოცხალმა ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა დატოვა, რომელიც “ლოს ანჯელეს გალაქსის” წევრი გახდა. მის გარდა, “ენფილდი” რაჰიმ სტერლინგმაც დატოვა, ვინაც “ლივერპული” “სიტიზე” გადაცვალა. იმავე “სიტიდან” კი მათ ვეტერანი ჯეიმს მილნერი შეუერთდათ. “ლივერპულისთვის” გაიტანს ბრაზილიელი რობერტო ფირმინიო, რომელიც გუნდს "ჰოფენჰაიმიდან" შეუერთდა.
მოვიდნენ: რობერტო ფირმინიო ("ჰოფენჰაიმიდან"), ჯეიმს მილნერი (“სიტიდან”), ადამ ბოგდანი ("ბოლტონიდან"), დივოკ ორიჯი ("ლილიდან"), დანი ინგსი ("ბარნლიდან"), ნათანიელ კლაინი ("საუთჰემპტონიდან")
წავიდნენ: სტივენ ჯერარდი (“გალაქსიში”), რაჰიმ სტერლინგი (“სიტიში”)
“მანჩესტერ სიტი” – “ქალაქელთა” მთავარი შენაძენი ამ დროისთვის ახალგაზრდა რაჰიმ სტერლინგია, რომელშიც 49 მილიონი ფუნტია გადახდილი. “ეტიჰად სთედიუმი” ზემოთ ხსენებული მილნერის გარდა კი, ფრენკ ლამპარდმაც დატოვა, ვისაც იჯარა დაუმთავრდა და აშშ-ში გაემგზავრა.
მოვიდნენ: რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპულიდან”), ფაბიან დელფი ("ატონ ვილადან"), ბრუნო ძუკულინი ("კოროდბადან"), ენეს უნალი ("ბურსასფორიდან")
წავიდნენ: ფრენკ ლამპარდი (“ნიუ-იორკ სიტიში”), ჯეიმს მილნერი (“ლივერპულში”)
იტალია, სერია A
“იუვენტუსი” – აპენინზე ბევრისთვის მოულოდნელად აქტიურად ვაჭრობენ. მათ შორის გამორჩეული კი გასაკვირი არაა, რომ ტურინის “იუვენტუსია” – ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთა რიგებში ახალი სეზონიდან ბევრი ახალი სახე იქნება. “ბებერი ქალბატონი” ბოლო წლების გუნდის ლიდერებმა ანდრეა პირლომ და კარლოს ტევესმა დატოვეს. მათ ნაცვლად კი მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საკმაოდ ნაყოფიერი შევსება მიიღო.
მოვიდნენ: მარიო მანჯუკიჩი (“ატლეტიკოდან”), პაულო დიბალა (“პალერმოდან”), სამი ხედირა (“რეალიდან”), დანიელე რუგანი (“ემპოლიდან”), სიმონე ძაძა (“სასულოდან”), ნეტო (“ფიორენტინადან”), გვიდო ვადალა ("ბოკა ხუნიორსიდან"), ალბერტო ჩერი ("ვირტუს ლანჩანოდან")
წავიდნენ: ანჯელო ოგბონა (“ვესტ ჰემში”), ანდრეა პირლო (“ნიუ-იორკ სიტიში”), კარლოს ტევესი (“ბოკა ხუნიორსში”), მარკო სტორარი (“კალიარიში”), სიმონე პეპე (უგუნდოდაა), რომულო (“ვერონაში”), ალესანდრო მატრი ("მილანში"), ლუკა მარონე ("კარპიში")
“ინტერი” – აქტიურობს მილანის “ინტერიც”. მილანურმა გრანდმა ჟეფრი კონდოგბიას სახით ჩინებული შევსება მიიღო. მის გარდა, “ნერაძურის” ახალ სახეებს დაცვის ხაზში უფრო აღმოვაჩენთ. წასვლით კი “სან სირო” სერბმა ზდრავკო კუჟმანოვიჩმა დატოვა.
მოვიდნენ: ჯეისონ მურილო (“გრანდადან”), ჟეფრი კონდოგბია (“მონაკოდან”), მირანდა (“ატლეტიკოდან”), მარტინ მონტოია (“ბარსელონადან”), რიკი ალვარესი ("სანდერლენდიდან"), ჯონათან ბიაბიანი ("პარმადან"), სამუელე ლონგო ("კალიარიდან")
წავიდნენ: ზდრავკო კუჟმანოვიჩი (“ბაზელში”), ჯონათანი (უგუნდოდაა), ჟოელ ობი ("ტორინოში")
“მილანი” – შემადგენლობას აქტიურად აძლიერებს მეორე მილანური გრანდი “მილანიც” – “როსონერიმ” მთავარი შევსება წინა ხაზში მიიღო, სადაც ლუის ადრიანოსა და კარლოს ბაკას გვარებს ვნახავთ. ამ პოზიციაზე დანაკლისიცაა სტეფან ელ შაარავის სახით, რომელიც ფრანგულ “მონაკოში” ითამაშებს.
მოვიდნენ: კარლოს ბაკა (“სევილიადან”), ლუის ადრიანო (“შახტარიდან”), ანდრეა ბერტოლაჩი (“რომადან”), ხოსე მაური ("პარმადან"), ანტონიო ნოჩერინო ("პარმადან"), მბიაიე ნიანგი ("ჯენოადან"), ალესანდრო მატრი ("იუვენტუსიდან")
წავიდნენ: სტეფან ელ შაარავი (“მონაკოში”), ჯამპაოლო პაცინი (“ვერონაში”), მატია დესტრო (“რომაში”)
“რომა” – დედაქალაქური გუნდი სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებული აქტიურობით დანარჩენ იტალიურ გუნდებს აშკარად ჩამოუვარდება. უკან დაბურნებულ მატია დესტროსა და ალესიო რომანიოლის გარდა, რუდი გარსიას გუნდში ერთადერთი ახალწვეულია ესპანელი იაგო ფალკეს სახით. “ტრიგორია” კი ახალგაზრდა დანიელე ვერდემ დატოვა.
მოვიდნენ: მატია დესტრო (“მილანიდან”), იაგო ფალკე (“ჯენოადან”), ალესიო რომანიოლი (“სამპდორიადან”)
წავიდნენ: დანიელე ვერდე (“ფროზინონეში"), ლუკაშ სკორუპსკი ("ემპოლიში")
გერმანია, ბუნდესლიგა
“ბაიერნი” – მიუნხენელთა ბანაკში მთავარი ამბავი ბასტიან შვაინშტაიგერის “მანჩესტერში” გასხვისებაა. მომსვლელთა შორის კი გერმანელი კიპერი სვენ ულრიხი და ბრაზილიელი დუგლას კოშტა ფიგურირებენ.
მოვიდნენ: დუგლას კოშტა (“შახტარიდან”), სვენ ულრიხი (“შტუტგარტიდან”), ინა კირხოფი ("შალკედან"), ჯოშუა კიმიჩი ("ლაიპციგიდან"), პიერ-ემილ ჰოიბერგი ("აუგსბურგიდან"), იულიენ გრინი ("ჰამბურგიდან")
წავიდნენ: ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნში”), პეპე რეინა (“ნაპოლიში”)
“დორტმუნდი” – “ბორუსიამ” გასული სეზონი ჩააგდო და ამ გუნდში ცვლილებები გასაკვირი არაა. 8 წლის შემდგომ “ყვითლებეს” იურგენ კლოპი აღარ გაწვრთნის. მისი ადგილი კი ტომას ტუხელმა დაიკავა. კარიერა დაასრულა სებასტიან კელმა, ხოლო მის გარდა, “სიგნალ იდუნა პარკი” ლანგერაკმა და ჩირო იმობილემ დატოვეს.
მოვიდნენ: ტომას ტუხელი (“მაინციდან”), გონსალო კასტრო ("ლევერკუზენიდან"), იულიან ვეიგლი ("მიუნხენ 1860-დან")
წავიდნენ: იურგენ კლოპი (უგუნდოდაა), სებასტიან კელი (კარიერა დაასრულა), ჩირო იმობილე (“სევილიაში”), მიტჩელ ლანგერაკი (“შტუტგარტში”)
საერთოდ, სატრანსფერო პერიოდი ყველაზე საინტერესო აგვისტოშია ხოლმე და წინ ალბათ, კიდევ ბევრი ისეთი სიახლე გველის, რომელზეც წერა ისევ მოგვიწევს და რომელიც საფეხბურთო საზოგადოების ინტერესს არანაკლებ მიიპყრობს...