ფეხბურთი

15:23 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალის დებიუტს "ვოლფსბურგთან" ელიან

ტურინის "იუვენტუსისა" და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი გერმანიაში დაბრუნდა. 28 წლის სამხრეთ ამერიკელი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა "ტუტოსპორტი" იუწყება. "რეკორდმაისტერი" ვიდალის სანაცვლოდ ჯამში 40 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო ფეხბურთელი "ალიანს არენაზე" მომდევნო 5 სეზონი დარჩება.

ვიდალის დებიუტს ახალი გუნდის შემადგენლობაში 1 აგვისტოს, გერმანიის სუპერთასზე "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში ელიან.

ვიდალისთვის გერმანიის ბუნდესლიგა ნაცნობი გარემოა. 2007-2011 წლებში იგი ლევერკუზენის "ბაიერის" წევრი იყო, საიდანაც 10.5 მილიონ ევროდ სწორედ "იუვენტუსში" გადაბარგდა.

არტურო ვიდალმა ტურინული გრანდის რიგებში განვლილ 4 სეზონში 180 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად კი 4-ჯერ მოიგო სკუდეტო, ორჯერ იტალიის სუპერთასი და ერთხელ იტალიის თასი. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა.

0.115295