დევისის თასის III ჯგუფის ევროპულ ზონაში მოთამაშე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა მე-2 ტურშიც იოლი გამარჯვება იზეიმა. გუნდის კაპიტანმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ ლიდერები – ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი დაასვენა, თუმცა, ისლანდიის ნაკრები მაინც “მშრალზე” იქნა დამარცხებული.
კორტზე პირველი გიორგი ჯავახიშვილი გავიდა და ბირკირ გუნარსონს 6:0, 6:2 მოუგო. შემდეგ გიორგი ცივაძემ ვლადიმირ რისტიჩს 6:3, 6:0 სძლია, წყვილებში კი ჯავახიშვილმა და ცივაძემ რისტიჩს და მაგნუს გუნარსონს ასევე იოლად აჯობეს – 6:1, 6:3.
ამგვარად, ქართველმა ჩოგბურთელებმა D ჯგუფში მე-2 გამარჯვება იზეიმეს და ასევე 2 შეხვედრის მომგებ მალტასთან ერთად ლიდერობენ. 17 ივლისს სწორედ ლიდერები ითამაშებენ და იმ გუნდის ვინაობას გაარკვევენ, რომელიც ნახევარფინალში გავა.