ფოთში სტარტი აიღო ნანა ალექსანდრიას თასის მეათე საიუბილეო გათამაშებამ. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას 11 ქვეყნის 400 მოჭადრაკე იღებს, ტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი კი 45 000 ლარს უტოლდება.
შეჯიბრს განსაკუთრებულ ელფერს ქართული ვაჟთა ჭადრაკის უპირობო ლიდერის ბაადურ ჯობავას (2693) ასპარეზობა მატებს, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი. ბაადურს 3 ტურის თავზე 2.5 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-3 ადგილზე იმყოფება.
ასეთივე მონაგარით, შესაბამისად, მე-5 და მე-8 პოზიციები უკავიათ ლუკა პაიჭაძეს (2566) და დავით მაღალაშვილს (2515), ლიდერები კი სომეხი ვაჰე ბაღდასარიანი (2401) და უკრაინელი ვლადიმირ ბაკლანი (2619) არიან ქულათა მაქსიმუმით.
მე-4 ტურში ლიდერები ერთმანეთს გაეჯიბრებიან, ჯობავა შავი ფიგურებით სომეხ ჰაიკ ვარდანიანს (2301) ეთამაშება, პაიჭაძე – ირანელ ალირეზა ფირუზიას (2277), ხოლო მაღალაშვილი თეთრებით სომეხ სურენ პოღოსიანს (2273) გაეჯიბრება.