ბელგრადში “ინა სტადიონზე” “პარტიზანმა” 1:0 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონი გორის “დილა”. ქართული კლუბი საპასუხო მატჩის წინ ინარჩუნებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს, თუმცა მეტოქე საკმაოდ ძლიერი კლუბია, მის დამარცხებას კი შეტევაში გაცილებით სწრაფად და ზუსტად მოქმედება სჭირდება.
მთელი მატჩის განმავლობაში სრულ უპირატესობას ბელგრადული კლუბი ფლობდა. ქართულმა გუნდმა მოედნის ცენტრი თავიდანვე დათმო. “პარტიზანის” მოთამაშეებს მეტოქის ნახევარზე გადასვლისას წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ, თუმცა “დილას” საჯარიმოსთან უჭირდათ სწრაფად მოქმედება, ძირითად ერთფეროვნად და სწორხაზოვნად მოქმედებდნენ, სოსიაშვილის გუნდმა კი მათ ამგვარ შეტევების ალღო აუღო და შესაძლოა ამითაც იყო გამოწვეული, რომ “პარტიზანმა” სათამაშო ეპიზოდიდან გოლი ვერ გაიტანა.
“დილას” მეკარე ალექსეი შევჩენკო დამაჯერებლად მოქმედებდა. გასაკუთრებით კი მეორე ტაიმში, როდესაც რამდენიმე მწვავე დარტყმა მოიგერია.
მეორე ტაიმში გოლამდე “დილას” კართან იყო რამდენიმე ძალიან სახიფათო ეპიზოდი, ერთ მომენტში ბურთი ძელს მოხვდა. “პარტიზანის” მხრიდან აქტიურობდნენ გამოცდილი ვალერი ბოჟინოვი, აბუბაქარი, ნიკოლა ნინკოვიჩი, ასევე სტეფან ბაბოვიჩი, რომელმაც გაიტანა ერთადერთი გოლი.
უჩა სოსიაშვილის მთავარი საზრუნავი მისი მოთამაშეების მხრიდან დაცვითი ფუნქციების კარგად შესრულება იყო, რაც “დილამ” დიდწილად მოახერხა. შესაძლოა გამოცდილების ნაკლებობის ბრალია, რაც გორელებს მატჩის მიწურულს დაემართათ. “დილას” ფეხბურთელებს შეეძლოთ მარტივად ეთამაშათ, თუმცა ფალავანდიშვილმა საკუთარ ნახევარზე, საჯარიმოსთან ახლოს წესები დაარღვია, მსაჯისგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. დანიშნულ სტანდარტს სტეფან ბაბოვიჩის გოლი მოჰყვა. მან ძალიან ზუსტად შეასრულა სტანდარტი. ამ გოლში შევჩენკოს ბრალი არ მიუძღვის.
საინტერესოა, რომ გერმანელმა მსაჯმა მხოლოდ ქართველი ფეხბურთელები გააფრთხილა. პაპავას, მარცვალაძისა და კვირკველიას გარდა ფალავანდიშვილმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც ავტომურად წითელი ბარათი მოჰყვა.
2015-16 წის ევროთასებზე წითელ ბარათს ქართული კლუბები ვერ აცდნენ. ბათუმის “დინამოს”, “ცხინვალისა” და “დინამო თბილისის” მსგავსად “დილას” ფეხბურთელმაც დატოვა მინდორი დროზე ადრე. ესეც ერთგვარი ანტი-რეკორდია.
“დილას” შინ რთული მატჩი ელის, თუმცა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამარჯვების შანსი არსებობს. მთავარია “დილას” ახალგაზრდა მთავარმა მწვრთნელმა დაცვაში კარგად თამაშის ორგანიზების გარდა გუნდის შეტევითი პოტენციალიც სწორად გამოიყენოს.
პარტიზანი - დილა 1:0 (0:0
ბელგრადი, "ინა სტადიონი"
პარტიზანი: ჟივკოვიჩი, პეტროვიჩი, ჩირკოვიჩი, ბალაზიჩი, ვულიჩევიჩი, ჟევტოვიჩი, ნინკოვიჩი (ილიჩი 72), ბაბოვიჩი, ბრასანაკი, ბაბაქარი (ჟივკოვიჩი 60), ბოჟინოვი (საპონიჩი 77)
მთავარი მწვრთნელი: მილინკოვიჩი
დილა: შევჩენკო, ხურცილავა, პაპავა, კვახაძე, კვირკველია, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, ილურიძე (ღონღაძე 90), გვალია, ნავალოვსკი, მარცვალაძე (ძარია 83)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გოლი: 1:0 ბაბოვიჩი (83)
მთავარი მსაჯი: ბასტიან დაკერტი (გერმანია)
გაფრთხილება: პაპავა (7), მარცვალაძე (58), ფალავანდიშვილი (65), ფალავანდიშვილი (82), კვირკველია (90+3)
გაძევება: ფალავანდიშვილი (82)