ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის დამდეგი სეზონის კალენდარი ცნობილია. ლა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშება სტარტს 22 აგვისტოს აიღებს. პირველ ტურში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი კატალონიის "ბარსელონა" ბასკეთს ეწვევა, სადაც ადგილობრივ "ატლეტიკს" დაუპირისპირდება. მადრიდის "რეალი" კი ახალ სეზონს ხიხონში გახსნის. "სამეფო გუნდის" დამხვდური "სპორტინგი" იქნება.
რაც შეეხება ლა ლიგის მთავარ მატჩს, "ელ კლასიკოს" - 8 ნოემბერს, "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონას" მიიღებს, ხოლო 31-ე ტურში, 3 აპრილს "კლასიკოს" "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.
მადრიდული დერბი, "რეალი" - "ატლეტიკო" კი 4 ოქტომბერსა და 28 თებერვალს გაიმართება. სევილიური დერბის ხილვის საშუალება კი გულშემატკივარს 13 დეკემბერსა და 24 აპრილს მიეცემა.
მესამე ტურში "ვისენტე კალდერონზე" სათამაშოდ "ბარსა" ჩავა, რომელსაც ამ მატჩში ექსატლეტიკოელი არდა თურანი ვერ დაეხმარება.
ლა ლიგა მომდევნო წლის 15 მაისს დასრულდება, ხოლო 21 მაისს ესპანურ საკლუბო სეზონს სამეფო თასის ფინალი დაასრულებს.