ფეხბურთი

15:07 | 14.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზორან მილინკოვიჩი: “დილამ” ფეხბურთის თამაში იცის”

ბელგრადის “პარტიზანის” მთავარი მწვრთნელის ზორან მილინკოვიჩის აზრით, გორის “დილა” ამბიციური გუნდია და ფეხბურთის თამაში იცის. ამის შესახებ მან სერბეთის დედაქალაქში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დილასთან” ჩასატარებელ პირველ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზორან მილინკოვიჩი: “ერთთვიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, სეზონის დაწყებას ყველა მოუთმენლად ველით. “დილას” პატივს ვცემთ. ამ გუნდმა ფეხბურთის თამაში იცის და ჩვენსავით ამბიციურია. ეს გუნდია, რომელსაც თამაში სურს. რუსული სკოლის გავლენა იგრძნობა. მისი ფეხბურთელები მოედანზე ბევრს მუშაობენ და ფიზიკურად ძლიერნი არიან”.

“პარტიზანის” მწვრთნელს სურს, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი მისი გუნდის სასარგებლოდ პირველ მატჩში გადაწყდეს:

“ჩვენ გვსურს, რომ მომავალი ორი მატჩის შედეგად შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ღმერთმა ქნას, ყველაფერი პირველ თამაშში გადაწყდეს. სეზონის დასაწყისია და პირველი მატჩს ყოველთვის პრობლემები ახლავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამისთვის მზად ვართ”.

მილინკოვიჩის თქმით, “პარტიზანი” დიდი კლუბია, რომელსაც ყველაზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია:

“პარტიზანს” კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სეზონის ელის და ყველაზე მაღალი ამბიციები გვამოძრავებს. დიდი კლუბი ვართ. მაღალი დონის მოთამაშეები გვყავს და მიგვაჩნია, რომ მაღალი მიზნის მიღწევა შეგვიძლია”.

მილინკოვიჩის განცხადებით, სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრები ანდრია ჟივკოვიჩი, ივან საპონჯიჩი და მილადინ სტევანოვიჩი, რომლებიც გუნდს მოგვიანებით შეურთდნენ, “დილასთან” ითამაშებენ:

“ისინი მომავალი მატჩისთვის მზად არიან. ისინი ახალგაზრდები არიან და რიტმში სწრაფად შედიან. მე ვფიქრობ, სათანადო ფიზიკურ ფორმაში ძალიან მალე ვიქნებით”.

“პარტიზანის” თავკაცმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ფაბრიციო დომელასის გარდა, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აქვს, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ის ელოდება, რომ ფაბრიციო მომდევნო კვირაში ვარჯიშს განაახლებს.

0.115909