მოკლედ ასე, 2014-2015 წლების სეზონიც ტრადიციულად ევროტურნირებით დაიწყო. თუმცა სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე საქართველოს იქ წარგზავნილი 4 გუნდიდან ახლა მხოლოდ ერთიღა დარჩა - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის "დილა".
ვინაიდან, შიდაქართლურმა გუნდმა გასულ სეზონში ოქროს მედლები პირველად დაისაკუთრა, უეფას მთავარ ტურნირ ჩემპიონთა ლიგაზე მას დებიუტი ექნება. მეტოქე კი საკმაოდ სერიოზულია - ბელგრადის "პარტიზანი".
უჩა სოსიაშვილის გუნდმა წინასაზეზონო შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც სამი ამხანაგური მატჩი გამართა, აქედან ერთი არასრული გამოდგა ("ვოლინთან" მატჩი ბოლო წუთებზე შეწყდა). ისე კი, იმავე უკრაინულ გუნდთან (3:2) და თურქულ "ალანიასპორთან" (7:0) გამარჯვებები უდავოდ მათ აქტივში უნდა შევიტანოთ. თუმცა, ძნელია მხოლოდ სპარინგებიდან რაიმე დასკვნის გამოტანა, ყველაფერი ოფიციალურ მატჩში გამოჩნდება. გამოჩნდება თუ რამდენად მზადაა "დილა" სერბული გამოწვევისთვის და ზოგადად, ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს სახელის დასაცავად.
უკან რომ გავიხედოთ, დავინახავთ, "დილას" ევროსარბიელზე ჩვენი ქვეყანა არ შეურცხვენია. გორელთა ევროპული დებიუტი 2004 წელს შედგა, როცა ინტერტოტოს თასზე ბულგარულ "მარეკთან" ორი მატჩის ჯამში უბრძოლველად წააგო - 0:2 (0:2, 0:0). ამის შემდეგ კი მათ მხოლოდ ევროპის ლიგაზე მოუწიათ თამაში, ეს ორჯერ მოხდა - 2012-2013 და 2013-2014 წლებში.
ორივე ჯერზე "დილა" გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და პლეიოფამდე მივიდა, სადაც უკვე ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ... მაგრამ პირველ შემთხვევაში პორტუგალიური "მარიტიმოს", ხოლო მეორე ჯერზე ვენის "რაპიდის" ბარიერი მათთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. არადა, იმავე ტურნირზე "დილამ" მანამდე საკმაოდ კარგი თამაშების ჩატარება მოახერხა, გამოსარჩევია თუნდაც ფამაგუსტას "ანორთოსისის" სტუმრად 3:0 განადგურება, რასაც კვიპროსელ ქომაგთა გაღიზიანება და სტადიონზე შეჭრა მოჰყვა... თუმცა ეს ზუსტად სამი წლის წინ იყო... ახლა კი სხვა დროა, სხვა მეტოქეა, უფრო გამოცდილი და უფრო კლასიანიც!..
სოსიაშვილის გუნდში გასულ სეზონთან შედარებით სელექციის მხრივ სიახლეებია. "დილას" კარს ალექსეი შევჩენკო დაიცავს. ვერ ვიტყვით, რომ თავის ლეგენდარულ მოგვარესავით ნიჭიერია, თუმცა ახალგაზრდა კიპერია და მონაცემებიც ასე თუ ისე გააჩნია. დაცვის ხაზში "დილამ" გამოცდილი დავით კვირკველია დაიმატა, რომელსაც სწორედ იმ ფორმაციის "დილაში" უთამაშია, ზემოთ რომ ვახსენეთ. ახალწვეულია ნახევარმცველი გიორგი პაპავაც, მაგრამ მას თურქეთში სოსიაშვილი დაცვის ხაზში ათამაშებდა და მოულოდნელი არ იქნება თუ ბელგრადშიც ამ პოზიციაზე ვიხილავთ. საქართველოს ჩემპიონს ძველი ნაცნობი, გიორგი ილურიძეც დაუბრუნდა, რომელსაც უცხოური კარიერა ვერ აეწყო. ტრანსფერებში უდავოდ გამორჩეული კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ გიორგი ნავალოვსკისა და "ჯვაროსანთა" ყოფილი თავდამსხმელის ოთარ მარცვალაძის დამატებაა, რომლებზეც წესით ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
"დილა" თურქული შეკრების შემდეგ პირდაპირ სერბეთის დედაქალქში ჩავიდა, ეს კი თამაშამდე ერთი კვირით ადრე მოხდა. როგორც სოსიაშვილმა განმარტა, ამის მიზეზი სერბულ გარემოსთან უკეთ ადაპტირება გახლდათ. "დილამ" ბელგრადში მატჩისთვის მზადება დღეს დაასრულა და ხვალინდელი შეხვედრისთვის უკვე მზადყოფნაშია. "დილას" ფეხბურთელების მხრივ საკადრო პრობლემები არ აქვს და უჩა სოსიაშვილს მის ხელთ არსებული ფეხბურთელების გამოყენება შეეძლება.
მეტოქე
"პარტიზანი" სერბული ფეხბურთის მთავარი წარმომადგენელია თანაქალაქელ "ცრვენა ზვეზდასთან" ერთად. ბოლოს ზორან მილინკოვიჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2012-2013 წლების სეზონში იმყოფებოდა, როცა ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგო, მაგრამ იქ მოხვედრასაც ხომ მოხერხება და შნო უნდა? - მანამდე "პარტიზანს" ჯგუფში 2003-2004 წლებშიც გაუღწევია, იქ კი მადრიდის "რეალსა" და "პორტუსაც" კი გაეჯიბრა. ბელგრადში სამივე გამართული მატჩი ფრედ დაასრულა, რაც მათ საფირმო ნიშანს - საკუთარ კედლებს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
გასულ სეზონში სერბული ფეხბურთის გრანდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა, მაგრამ ეს ბარიერი იქაც ვერ დაძლია. გამორჩეული თამაში კი მათთვის "ტოტენჰემთან" შედგა, რომელთანაც ბელგრადში "პარტიზანმა" საპატიო ფრეს მიაღწია.
სელექციის მხრივ ახალწვეულები ამ გუნდშიც არიან. მათ შორის გამოსარჩევი ბულგარელი ფორვარდი ვალერი ბოჟინოვია, რომელიც იტალიური "ტერნანადან" დაიმატეს. ბოჟინოვს თავის დროზე ფლორენციის "ფიორენტინაში", ტურინის "იუვენტუსსა" და "მანჩესტერ სიტიში" უთამაშია, მაგრამ მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, ვიდრე ამ დრომდე ითამაშა...
პრეცედენტი
"დილას" აქამდე სერბულ გუნდთან ოფიციალურად არ უთამაშია, სამაგიეროდ "პარტიზანს" ქართული ფეხბურთთან შეჭიდების გამოცდილება გააჩნია - 1998-1999 წლების სეზონში მათი მოწინააღმდეგე ბათუმის "დინამო" იყო. თასების თასის პირველ ეტაპზე სერბებმა ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგეს (2:0, 0:1).
ჩვენი ჩემპიონი სხვა ჩემპიონებთან...
გასულ სეზონში თბილისის "დინამო" ლიგის ოცნებას სწორედ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაემშვიდობა - ყაზახურ "აქტობესთან" მარცხი (0:1, 0:3) მეტად მტკივნეული გამოდგა და "დინამოში" ამ თამაშების შემდგომ ძირეული ცვლილებებიც მოხდა, თუმცა...
ერთი წლით ადრე კი იმავე "დინამომ" მეორე ეტაპის გავლა მარტივად შეძლო, როცა ფარერების ჩემპიონ "სტრეიმურს" ადვილად აჯობა, თუმცა ბუქარესტის "სტიაუას" ბარიერი მესამე ეტაპზე გადაულახავი აღმოჩნდა.
"დინამოს" გარდა, ბოლო გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე წარგვადგინა "ზესტაფონი" იყო. იმერლებმა 2012-2013 წლების სეზონში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს "ნეფთჩისთან" ფაქტობრივად უშანსოდ წააგეს - 0:3, 2:2.
ყველაზე კარგი შედეგისთვის აქამდე ისევ "დინამოს" მიუღწევია. 1998-1999 წლების სეზონის სტარტზე "დინამოს" ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯიც არ დაკლებია - ესპანურ "ბილბაოსთან" ქართული საკლუბო ფეხბურთის მეტრი შინ გაშვებული გოლის გამო დამარცხდა (2:1, 0:1) და ჯგუფურ ეტაპს მიღმა აღმოჩნდა.
მოკლედ, 14 ივლისს "დილას" საჩემპიონთალიგო დებიუტი ექნება და თანაც, ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟის დაცვაც უკვე მარტოღა მოუწევს. დაველოდოთ შეხვედრას, რომელიც ბელგრადში თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს წინასწარი ინფორმაციით, არცერთი ქართული ტელეკომპანია არ გეგმავს...