სხვა

16:08 | 13.07.2015 | ნანახია NaN - ჯერ

თბილისში ახალი სპორტის სასახლე გაიხსნა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტის სასახლე გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

"სულ რაღაც 13 დღეში თბილისი უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ეს არის ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება, რომლის მსგავსიც საქართველოში არასდროს ჩატარებულა. ამ ფესტივალისთვის აშენდა და დღეს გავხსენით სპორტის ახალი სასახლე, რომელშიც მოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მშენებლობა დავიწყეთ იანვარში და სულ რაღაც 6 თვეში მოხდა ამ ობიექტის დასრულება. ეს იქნება მთავრობის საჩუქარი სპორტსმენებისთვის და ეს იქნება დიდი შენაძენი", - აღნიშნა პრემიერმა.

ახალი სპორტის სასახლე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, ხელბურთის ტურნირს უმასპინძლებს. ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ სასახლეში სპორტის სხვადასხვა სახეობების უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირები ჩატარდება. სპორტის სასახლეში ფუნქციონირებს ორი დარბაზი, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ორგანიზება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში - ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობაში და ასე შემდეგ. ჯამში, სპორტის სასახლე სპორტის 24 სახეობის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირებს გაუწევს მასპინძლობას. დიდი დარბაზი 3600 გულშემატკივარს, მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს. სასახლეში ცალკე გამოყოფილია ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მთლიანობაში, სპორტის სასახლეში გათვალისწინებულია საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ყველა მოთხოვნა, რათა სამომავლოდ სასახლემ მაღალ დონეზე უმასპინძლოს სხვადასხვა სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს, საერთაშორისო მატჩებსა და ადგილობრივ ტურნირებს.

პრემიერმინისტრი პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075158