ფეხბურთი

14:02 | 13.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას გაძევება და მარცხი

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ყაზანის “რუბინმა”, რომელშიც სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე გამოდიან, ავსტრიაში შეკრება გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ “ლაიფციგთან” ამხანაგური მატჩით დაასრულა, რომელშიც 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი კვირკველია 52-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. “რუბინმა” მატჩი 9 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან მე-16 წუთზე, მსაჯმა უხეშობისთვის მოედანი ოლეგ კუზმინს დაატოვებინა. “ლაიფციგმა” ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გაიტანა. კობახიძეს “ლაიფციგთან” არ უთამაშია.

ავსტრიაში შეკრება გაიარა პრაღის “სლავიამ”, რომლის ღირსებას ლევან ყენია იცავს. დასკვნით ამხანაგურ მატჩში პრაღელებმა რუსეთის პრემიერლიგის “უფასთან” 0:1 წააგეს, ხოლო ქართველ შემტევ ნახევარმცველს არ უთამაშია. ყენიას ტრავმა ჰქონდა და ვარჯიში გასულ კვირაში განაახლა.

0.124814