ნაგოიაში სტარტი აიღო ივლისის სუპერტურნირმა, რომელშიც ტრადიციულად ქართველი სუმოისტები – ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი და თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ჩაებნენ.
ბაშოს პირველი დღე ჩვენებურთათვის წარუმატებელი გამოდგა, არადა, ორივე ქართველი მიზანთან ახლოს იყო. ტოჩინოშინსაც და გაგამარუსაც მეტოქეები დოჰიოს კიდესთან ჰყავდათ მიმწყვდეული, თუმცა, ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს.
ტოჩინოშინმა, რომელიც ნაგოიას სუპერტურნირს აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ოძეკი კისენოსატოს მარცხენამხრიან მიგი-იოცუშუ დაჯაბნა და თითქოს გამარჯვებაც მოპოვებული ჰქონდა, თუმცა, იაპონელმა ქართველი საპასუხო უვატედაშინაგეთი დასცა.
დაახლოებით მსგავსი რამ შეემთხვა გაგამარუსაც, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯება. მისი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელიც თეიმურაზის მიძალების შემდეგ, დოჰიოს ხაზზე აღმოჩნდა, მაგრამ სუკუინაგეს განხორციელება მაინც მოასწრო. შედეგად, მონღოლმა სეკიტორმა ქართველს 12 ბრძოლიდან მე-11 მოუგო.
ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე იოკოძუნა ჰარუმაფუჯი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 5:15 მარცხდება, ხოლო გაგამარუს მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა კიოკუშუჰო იქნება. ამ სუმოისტთა შეხვედრებში თანაბარი ბალანსია აღნიშნული: სამ-სამი მოგება.
აღვნიშნოთ ისიც, რომ ნაგოიას ტურნირი მოგებებით დაიწყეს იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ, კაკურიუმ და ხსენებულმა ჰარუმაფუჯიმ, ხოლო ოძეკთაგან გოეიდომ და კოტოშოგიკუმ წაიფორხილეს.
ნაგოიას ბაშოს 1-ლი დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 5:55-დან, ტოჩინოშინის - 9:40-დან