9 ივლისი კოშმარული დღე გამოდგა ქართული ფეხბურთისთვის: სამივე ქართული გუნდი გავარდა ევროტურნირებიდან. მართალია, წილისყრაში თავიდანვე არ გაგვიმართლა, მაგრამ სულ თავის გამართლებაზე ნუ ვიქნებით – გასულმა სამმა მატჩმა ცხადყო, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე.
მეორე ეტაპზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანამ (ცხადია, ვინც უეფაში შედის) გაიყვანა გუნდი! ყველამ, საქართველოს გარდა! გავიდნენ ასევე მალტელები, ლიხტენშტაინელები, ალბანელები, უელსელები, ლუხსემბურგელები. ვერ გავიდნენ მხოლოდ ქართველები, ანდორელები, ფარერელები და სანმარინოელები...
კარგა ხანია, მსგავსი ცუდი შედეგი არ გვქონია ქართველებს. გვახსოვს 0:7, 1:6 და ასეთი წაგებები, მაგრამ სამი გუნდის ერთად გავარდნა ნამეტანია. ისე, გავარდნაცაა და გავარდნაც, მხოლოდ მშრალი ფაქტებით რომ არ ვილაპარაკოთ, გადავხედოთ თამაშის სცენარებს: ყველა გასვლით მატჩი თითქმის ცალკარა იყო, მოედნის ცენტრს იქით გადასვლაც კი გვიჭირდა.
რა გახდა ასეთი, რამ დაგვაძაბუნა, რომ მეტოქეს ვერაფერს ვკადრებთ? ფეხბურთში 10 კაცით კარში საჯარიმოში დგომა შეიძლება უკიდურეს შემთხვევებში, ან გარკვეულ მონაკვეტებში, მაგრამ როცა 90 წუთიდან 85 წუთი ასე თამაშობ, სხვა ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ცალკე შეტევის უცოდინრობას და ცალკე შიშს.
იტყვით, “ცხინვალმა” ხომ გასვლაზე გოლი გაიტანაო, მაგრამ ვინც იმ თამაშს უყურა, დაგვეთანხმება, ამ მომენტის გარდა ოდნავ სახიფათოც კი არაფერი შექმნილა “ბოტოშანის” კართან. აქეთ კი, იცოცხლეთ, ქარიშხალივით მოდიოდა შეტევები და როდემდე უნდა ვიყოთ მხოლოდ მეტოქის არაზუსტი დარტყმების, ან მეკარის იმედზე?
სხვა გეგმა არც ჩანს. წლები გადის და სამწუხაროდ, ვყალიბდებით იმ საფეხბურთო ქვეყანად, რომელიც ერთი-ორ ბურთიანი სხვაობით წაგებაზე კმაყოფილი იქნება.
გიორგი იმერლიშვილი