საქართველოს კალათბურთელ გოგონათა ნაკრები ბელგიის აწ უკვე ყოფილი მოქალაქეების, უკანახაზელების ელენე მანდარიასა და ჰევენ ჰოიდონქსის შემდეგ მესამე ლეგიონერის, მძიმე ფორვარდ ეკატერინე ელცოვას (რუსეთი) დამატებას აპირებს.
ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ აღნიშნული ნაკრების მენეჯერმა გივი (გია) სანაძემ განუცხადა.
„ელცოვა უკვე ერთი წელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ეკატერინე თელავში ცხოვრობს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა და ამიტომ არ აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება. საბუთები გამზადებულია და საქართველოს პრეზიდენტის ნებართვასღა ელოდება. იმედია, ელცოვა ამ უფლებას მალე მიიღებს“, - გვითხრა სანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელ გოგონათა ნაკრები ოლიმპიურ ფესტივალ თბილისი 2015-ში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ჯგუფურ ეტაპზე, საიდანაც მედლებისთვის ბრძოლას პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები აგრძელებენ, საქართველოს მეტოქეები ბელგიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.







