აზერბაიჯანულმა საფეხბურთო კლუბმა “გაბალამ” თბილისის “დინამოსთან” უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის დროს გაბალას სტადიონზე მომხდარი ინციდენტები დაგმო.
განვლილ მატჩში, ადგილობროვმა ქომაგებმა სტადიონზე საქართველოს დროშა დაწვეს, ხოლო მათ მიერ გამოფენილ ბანერებზე ქართული ქალაქები აზერბაიჯანულად მოიხსენიეს. გარდა ამისა, “დინამოს” ფან კლუბის ავტობუსის მინები ჩაამსხვრიეს.
მომხდართან დაკავშირებით “გაბალამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
“უეფას ევროპის ლიგის გათამაშების ფარგლებში 09.07.2015 წელს ჩატარებული მატჩის “გაბალა” – “დინამო თბილისი” დროს მომხდარი შემთხვევის გამო, დიდი სინანულის და მწუხარების გრძნობა განვიცადეთ.
მატჩის დაწყებამდე უმაღლეს დონეზე იქნა განხორციელებული უსაფრთხოების ზომები, მაგრამ აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების მოწინააღმდეგე ძალებმა, როგორც თბილისში ასევე გაბალას ქალაქის სტადიონზე, თავიანთი საქმე გააკეთეს.
პროვოკატორთა ერთი ჯგუფის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტების შეურაცხყოფა და პოლიტიკური ლოზუნგების წამოყენება ამ პროვოკაციის ერთ-ერთ ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. როგორც ადრე, ასევე, ახლა ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო თანამშრომლობას და ჩვენი ხალხის მრავალწლიან მეგობრობაზე ზეგავლენას ეს დასაგმობი ფაქტები ვერ მოახდენენ.
მატჩამდე და შემდეგ ორივე კლუბების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად დაფიქსირებული შედეგისა, არ ყოფილა დაძაბული ურთიერთობები, ეს მოედანზეც ჩანდა ფეხბურთელებს შორის.
ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენები ორივე ქვეყანაში დადგინდნენ და შესაბამისი სასჯელი მიიღონ. კიდევ ერთხელ ვგმობთ მომხდარს და უდიდეს სინანულს გამოვხატავთ”.