უიმბლდონის ნახევარფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ბრიტანელი ენდი მარეი 7:5, 7:5, 6:4 დაამარცხა და ფინალში, შარშანდელის მსგავსად, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.
17-გზის დიდი სლემის ჩემპიონი თავის მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. პირველი რაც თვალშისაცემი იყო, როჯერი ბექჰენდიდან შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებდა, რაც ბოლო წლებში დიდი იშვიათობაა. “მაესტრო” კორტზე უფრო კარგად გაადაადგილდებოდა და მარეისთან შედარებით უფრო მეტსაც დარბოდა. უიმბლდონის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33 წლის ფედერერმა 2098,4 მეტრი ირბინა, ხოლო 28 წლის მარეიმ - 1972,2. როჯერი მარეისთან შედარებით უფრო აგრესიული იყო, ის უფრო მეტ შეტევით დარტყმებს ანხორციელებდა, რის შედეგადაც ფედერერს 56 ვინერსი ჰქოდნა, ხოლო ენდის – 35.
შვეიცარიელისა და მარეის მატჩი 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. როჯერმა 20 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მარეის 12 ეისი ჰქონდა და 1 ორმაგი შეცდომა. ფედერერმა პირველი ჩაწოდების შესრულება 69-ჯერ შეძლო, საიდანაც 58 გათამაშება მოიგო (84 პროცენტი). მარეიმ პირველი ჩაწოდება 79-ჯერ გააკეთა, საიდანაც 56 მოიგო (71 პროცენტი).
12 ივლისს, უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი ფედერერს დაუპირსპირდება. ეს ორი ჩოგბურთელი უიმბლდონი ფინალში შარაშანაც შეხვდნენ, სადაც სერბმა 5 სეტში 6:7, 6:4, 7:6, 5:7, 6:4 მოიგო. ურთიერთშეხვედრებში როჯერი ნოლეს ანგარიშით, 20:19 ამარცხებს.