ფეხბურთი

16:19 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერების წარმატებული გამოსვლა ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ქართული გუნდებისგან განსხვავებით, ლეგიონერებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” ალბანური “ლაჩი” მიიღო და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. “ინტერს” პირველი მატჩი სტუმრად ფრედ 1:1 ჰქონდა ნათამაშები და შემდეგ ეტაპზე გავიდა. “ინტერის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ლაშა კასრაძემ, ზურა ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. მომდევნო ეტაპზე ბაქოს გუნდი ისლანდიურ “ჰაფნაფიორდურს” დაუპირისპირდება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა “ულისესმა”. ერევანის გუნდი “ბირკირკარასთან” განმეორებით შეხვედრაში შინ 1:3 დამარცხდა და პირველი უგოლო შეხვედრის შემდეგ ტურნირს დაემშვიდობა. მალტელების წინააღმდეგ გიორგი ხუბუამ შეუცვლელად ითამაშა, ზამირ ჯანაშიამ კი რუსეთის სახელით მოთამაშე ლევან ჯღარკავა 70-ე წუთზე შეცვალა.

ნიკა ძალამიძის “იაგოლენიამ” შინ ლიტვური “კრუოია” 8:0 გაანადგურა და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანგარიში დააფიქსირა. თავად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია, თუმცა მესამე გოლში მონაწილეობა მიიღო და მისი გადაცემით ტუშინსკიმ გოლი გაიტანა. მომდევნო ეტაპზე პოლონური გუნდი ბათუმის “დინამოს” დამმარცხებელ “ომონიას” შეხვდება.

თამაზ პერტიას გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” ორი მატჩის ჯამში ირლანდიური “სენტ პატრიქსი” 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე უნგრულ “დებრეცენს” დაუპირისპირდება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 16 და 23 ივლისს გაიმართება.

0.168005