რაგბი

17:25 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ექსეტერში დასაზვერად

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ინგლისში, ექსეტერში გაემგზავრა, სადაც ევროპის გრან პრის მესამე, დასკვნით ეტაპი გაიმართება, იქიდან კი, გუნდი პორტუგალიაში გადაინაცვლებს, სადაც ევროპიდან ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მსოფლიო რეპეშაჟის სამი მონაწილე გამოვლინდება.

კახა ალანიას შეგირდებმა მოსკოვსა და ლიონში მეცხრე ადგილი დაიკავეს, მაგრამ ჯამში იტალიასთან მეათე-მეთერთმეტე ადგილებს იყოფენ. ექსეტერში ქართველები გ ჯგუფში ითამაშებენ და მათი მეტოქეები ჯამში მესამე ადგილზე მყოფი რუსეთი, მეშვიდეადგილოსანი ბელგია და მერვეადგილოსანი უელსი იქნებიან. ქართველები პირველ თამაშს რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ, მერე ბელგიას ხვდებიან და ჯგუფურ ეტაპს უელსთან მატჩით დაასრულებენ, რის შემდეგაც პლეი ოფის მეტოქე გაირკვევა.

ორი ეტაპის შემდეგ, გრან პრის, რომელიც პარალელურად 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპიცაა, საფრანგეთი ლიდერობს და თუ ლიდერობა შეინარჩუნა, რიოს საგზურს პირდაპირ მიიღებს. ამ ეტაპზე მეორე ადგილზეა ესპანეთი - გრან პრის მეორეადგილოსანი რიოს საგზურის მსოფლიო შესარჩევ რეპეშაჟში პირდაპირ გადის, ხოლო დანარჩენები ექსტერის ეტაპიდან ერთი კვირის თავზე, 18-19 ივლისს პორტუგალიაში ჩავლენ და მსოფლიო რეპეშაჟის საგზურისთვის იბრძოლებენ. ინგლისმა მსოფლიო სერიიდან დიდ ბრიტანეთს უკვე მოუტანა ოლიმპიადის საგზური და ის და უელსი რიოს შესარჩევში არ მონაწილეობენ.

ამრიგად, ლისაბონში საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტები რუსეთი, ან ესპანეთი (გრან პრის მესამეადგილოსანი), გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ლიტვა, იტალია და ირლანდია იქნებიან. ამ უკანასკნელმა სპეციალურად ოლიმპიადისთვის 7-კაცა ნაკრები ჩამოაყალიბა და “ბ” დივიზიონის მოგებით, ევროპის შესარჩევში მსოფლიოს შესარჩევის საგზურისთვის იბრძოლებს. ლისაბონიდან 16-გუნდა მსოფლიო შესარჩევში სამი მოწინავე გავა.

ექსეტერში წამსვლელთა შორის სამი ცვლილებაა: გამოჯანმრთელდა და 7-კაცა ნაკრებს უბრუნდება გიორგი შკინინი, რომელიც მოსკოვის (პირველ) ეტაპზე პირველსავე მატჩში დაშავდა; ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა დავით “ლუი” ლოსაბერიძეც; ლიონში საქართველოს მოქალაქეობის გამო ვერ შედგა ქართული ფესვების მქონე ინგლისელის, მეთიუ ჯანის დებიუტი, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია და ის ქართული დროშის ქვეშ პირველად ინგლისში ითამაშებს.

კახა ალანია (7-კაცას მთავარი მწვრთნელი): “გრან პრის მესამე ეტაპზე ვგეგმავთ, რომ მაქსიმალურად დავზვეროთ მოწინააღმდეგეები. ჩვენი მთავარი მიზანი ლისაბონის ტურნირია, სადაც ჩვენი ამოცანა სამ საუკეთესოში მოხვედრა იქნება, რათა მსოფლიოს რეპეშაჟში მივიღოთ მონაწილეობა. ვთვლი, რომ წინა ორ ტურნირთან შედარებით უკეთ ვართ მომზადებულნი. ბიჭებმა მთელი სამი კვირა კარგად იშრომეს. ექსეტერში რთულ ჯგუფში მოვხვდით და პირველსავე შეხვედრაში რთული თამაში გველის, მაგრამ კარგ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და მათი იმედი მაქვს”.

პალიკო ჯიმშელაძე (7-კაცას მწვრთნელი): “წინა ტურნირებზე ძალიან გაგვიჭირდა, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო ვერასდროს ვახერხებდით სათანადო შემადგენლობის შეკრებასა და მომზადებას. ამჯერად, სამკვირიანი პერიოდი გვქონდა, პროგრამა გავწერეთ და ფიზმომზადებაც გავიარეთ. ერთად ყოფნამ მოგვცა საშუალება, რომ შეცდომების გამოსწორებაზე გვემუშავა”.

ზაზა ლეჟავა (7-კაცას მწვრთნელი): “ჩვენი გათვლებით ბოლო ორი ტურნირი უკეთესი უნდა იყოს. შემადგენლობაში ხშირად გვიწევდა ცვლილებები. 7-კაცაში, 12-კაციან შემადგენლობაში 5 მორაგბეს რომ შეცვლი, უკვე ბევრი რამ იცვლება. განვლილ პერიოდში სხვა გზა არ გვქონდა, რადგან მოთამაშეთა გაყოფა გვიწევდა ჩვენ და 15-კაცა ნაკრებს. ვფიქრობთ, რომ ექსეტერი უნდა იყოს უკეთესი, გეგმა კი ლისაბონში უნდა შესრულდეს. ფიზმომზადების მხრივ, ისეთი პროგრამა გვაქვს, რომ სწორედ პორტუგალიაში უნდა ვიყოთ ფორმის პიკში”.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ექსეტერში: 1. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), 2. ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), 3. ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), 4. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), 5. შავლეგ მახარაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), 6. ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), 7. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), 8. ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), 9. მეთიუ ჯანი (ოქსფორდი, ინგლისი), 10. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი), 11. დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), 12. იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

2015 წლის ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი

ექსეტერი (ინგლისი). 11-12 ივლისი

ა ჯგუფი

საფრანგეთი

გერმანია

პორტუგალია

რუმინეთი

11 ივლისი

საფრანგეთი - რუმინეთი

გერმანია - პორტუგალია

საფრანგეთი - პორტუგალია

გერმანია - რუმინეთი

საფრანგეთი - გერმანია

პორტუგალია - რუმინეთი

ბ ჯგუფი

ესპანეთი

ინგლისი

იტალია

ლიტვა

11 ივლისი

ინგლისი - იტალია

ესპანეთი - ლიტვა

ესპანეთი - იტალია

ინგლისი - ლიტვა

იტალია - ლიტვა

ესპანეთი - ინგლისი

გ ჯგუფი

ბელგია

რუსეთი

საქართველო

უელსი

11 ივლისი

ბელგია - უელსი

რუსეთი - საქართველო

ბელგია - საქართველო

რუსეთი - უელსი

ბელგია - რუსეთი

საქართველო - უელსი

12 ივლისი. პლეი ოფები

ევროპის გრან პრი 2015. სართო ცხრილი

გუნდი I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი ჯამი

საფრანგეთი 20 20 - 40

ესპანეთი 16 18 - 34

რუსეთი 18 10 - 28

ინგლისი 14 12 - 26

გერმანია 10 14 - 24

პორტუგალია 12 8 - 20

ბელგია 3 16 - 19

უელსი 8 2 - 10

ლიტვა 6 3 - 9

საქართველო 4 4 - 8

იტალია 2 6 - 8

რუმინეთი 1 1 - 2

0.169005