დღეს, დიღმის ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსი “ახალი თბილისი” საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე პირველად სიტყვით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" – ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანი გამოვიდა და კომპლექსის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
ალექსანდრე ახვლედიანი (ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე): “10 ივლისი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღეა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართულ სპორტს არ ღირსებია ასეთი აღმშენებლობითი პროცესი და ეს დღე საზეიმოა თითოეული სპორტსმენისა და ვეტერანისთვის. აგრეთვე, ისტორიული დღეა თბილისისთვის, რადგან გაიხსნა ახალი რაიონი, რომელსაც “ახალი თბილისი” ჰქვია და დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი პრესტიჟული რაიონი გამომდინარე მისი მდებარეობიდან და იმ ფაქტორითაც, რომ ეს რაიონი ითვლება ერთ-ერთ ეკოლოგიურ ტერიტორიად.”
ახვლედიანის შემდეგ საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველოს პრემიერმინისტრი): “დღეს ჩვენ ოფიციალურად გავხსენით ახალი თბილისი. 16 დღეში ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი დღესასწაული ყველასთვის, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქალაქის წარმოჩენისთვის. თბილისი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა და ჩვენ მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები გვყავს, ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა. წელს თბილისი 50-მდე ქვეყნის 4 ათას სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად. მთელი ქალაქის მასშტაბით მთავრდება მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის, ჩვენ ახლა ვიმყოფებით “ახალი თბილისის” ტერიტორიაზე, სადაც სპეციალურად თბილისისთვის აშენდა 4 სპორტული ობიექტი. ეს არის ჩვენ ქვეყანაში პირველი სპორტული კომპლექსი.”
"თბილისი 2015" - სთვის “ახალი თბილისის” ტერიტორიაზე აშენდა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. სპორტული კომპლექსის გახსნას აგრეთვე ესწრებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სხვა ოფიციალური პირები.