ფეხბურთი

0:14 | 10.07.2015 | ნანახია 3026 - ჯერ

კახა კაჭარავა: “ქართულ ფეხბურთში უფრო მეტი პროფესიონალები უნდა იყვნენ”

“ცხინვალის” მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში “ბოტოშანთან” წაგების (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში მეტი პროფესიონალებია საჭირო.

კახა კაჭარავა: “რთული თამაში აღმოჩნდა. პირველი წუთიდან ცუდად დავიწყეთ და ელემენტარული შეცდომებისგან გოლი მივიღეთ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ “ბოტოშანი” კარგად დაკომპლექტებული გუნდია. სად რუმინეთის და სად საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ტაიმში ცენტრალური მცველების უხეში შეცდომებით გოლები მივიღეთ.

ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია. რთულია მათ ასეთ დონეზე შედეგი მოთხოვო. ზოგს ასეთ დონეზე თამაში პირველად მოუწია. რეალურად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა ორთაბრძოლა მოგვიგეს. სტუმრად 1:1 არ ნიშნავდა, რომ “ბოტოშანი” ცუდი გუნდი იყო. საქართველოში ასეთ შეცდომებს გპატიობენ, ხოლო საშუალო ევროპულ დონეზე არ გპატიობენ. მაღალ დონეზე საერთოდ არ ამოგასუნთქებენ. დასანანია, რადგან შანსი გვქონდა. ახლა საქართველოს ჩემპიონატზე გადავერთვებით”.

-სამივე ქართული გუნდი ევროთასებს გამოეთიშა. რა გვეშველება?

-ქართულ ფეხბურთში უფრო მეტი პროფესიონალები უნდა იყვნენ. მწვრთნელებმა თავისი საქმე აკეთონ, ხელმძღვანელებმა თავისი.

-მაინც რას მიიჩნევთ მარცხის მიზეზად?

-გამოუცდელობას და ფსიქოლოგიურ წნეხს. ამ ბიჭების იმედი მაქვს და თამაშის საშუალებას რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცემთ. ჩემი პრინციპია, რომ ქართველებს ფეხბურთი ვათამაშო. ვიღაცისთვის რაღაცის მტკიცება არ მჭირდება. ჩემი პრინციპია ქართული საქმე გავაკეთო.

-“ცხინვალმა” დაკომპლექტება დაასრულა?

-რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა ვათამაშო. სადაც ვიპოვი მოვიყვან.

-ფსიქოლოგიურ წნეხში რას გულისხმობთ?

-ზოგმა ამდენი მაყურებლის წინაშე პირველად ითამაშა. საქართველოს ჩემპიონატში 10-20 კაცი დადის, ისიც ფეხბურთელების ახლობლები. თუმცა, წაგებას მაყურებლის მოსვლას არ ვაბრალებ.

-მსაჯის მოქმედებას როგორ შეაფასებთ?

-ვფიქრობ, რომ ცუდად არ უმსაჯია. საერთოდ შეცდომებს ჩემს თავში ვეძებ. შესაძლოა, ჩემი ფეხბურთელიც შეცდა. მადლობა ყველა გულშემატკივარს ვინც სტადიონზე მოვიდა.

“ბოტოშანის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დასახული მიზანი შეასრულა:

“დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. “ცხინვალი” ძალიან კარგი ახალგაზრდული გუნდია და წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ დასახული მიზანი შევასრულეთ”.

- მომდევნო ეტაპზე “ლეგიას” ხვდებით...

- “ლეგია” რთული მეტოქე იქნება, მაგრამ ფეხბურთს მოედანზე თამაშობენ. შანსი გვექნება და ვეცდებით გამოვიყენოთ.

0.142354