ესპანური პრესის ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ მარკო როისს შეშინებია, რომ კატალონიური “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებდა და ტრანსფერზე უარი ამის გამო უთქვამს.
წელს პირველი სატრანსფერო პერიოდი არ იყო, როდესაც კატალონიური კლუბი 26 წლის გერმანელის შეძენას ცდილობდა. ამჯერად ტრანსფერის განხორციელებას “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აპირებდა.
Marca-ს ცნობით, დორტმუნდელები მოლაპარაკებისთვის მზად იყვნენ, მაგრამ კატალონიაში გადასვლაზე უარი თავად მარკომ განაცხადა. ფეხბურთელს ბარტომეუსთვის უთქვამს, რომ “ბარსელონაში” მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ის დარდობდა, რომ ვარსკვლავულ სამეულს - მესის, ნეიმარსა და სუარესს კონკურენციაში ვერ აჯობებდა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ “დორტმუნდის” ლიდერად დარჩეს.
ამ მხრივ უკვე ნაბიჯიც გადაიდგა და როისმა “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ტრავმების გამო ბუნდესლიგის გასულ სეზონში მან მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაიტანა.