აზერბაიჯანის “გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა უეფას ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე თბილისის “დინამოსთან” საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი პენალტების სერიისთვის არ მოუმზადებია.
- საპასუხო მატჩს ანგარიშში უარყოფითი სხვაობით დაიწყებთ. გუნდის ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ეს როგორ იმოქმედებს?
- ყველაფერი ნორმალურადაა. ვიცით, რომ არის მომენტები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ. დარწმუნებული ვარ უახლოეს ხანში ყველაფერს გამოვასწორებთ. გამარჯვებისთვის განწყობილი ვართ.
- “გაბალას” სწრაფი გოლი სჭირდება. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი გუნდის თამაშზე დადებითად აისახება თუ უარყოფითად?
- სწრაფი გოლი ყოველთვის კარგია. ეს თავდაჯერებას გმატებს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მომავალ მატჩზე ეს ჩვენი მთავარი მიზანია. პირველ მატჩთან შედარებით უკეთესად უნდა ვითამაშოთ. წარმატების მისაღწევად კარგად თამაშია საჭირო. სხვაგვარად არ გამოვა.
- სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იქნება?
- შესაძლოა. გასათვალისწინებელია, რომ განახლებული შემადგენლობა გვყავს და ახალწვეულებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ ახალი გუნდის სათამაშო სტილს შეეგუონ. ამიტომ, გაბალაში პირველი თამაშის ჩატარება უკეთესი იქნებოდა.
- ფეხბურთის გარდა, თბილისში გარკვეული ინციდენტები მოხდა, მათ შორის გუნდების გულშემატკივრებს შორის ჩხუბი. თქვენ გუნდს ეს გამარჯვებისთვის დამატებით მოტივაციას მისცემს?
- ამის შესახებ საუბარი არ მსურს. არ მინდა, რომ მსგავსი რამ ხდებოდეს. ფეხბურთი ფეხბურთად უნდა დარჩეს. ამ ინციდენტის შესახებ მოთამაშეებთან ლაპარაკიც კი არ გვინდა. გვსურს, კარგი ფეხბურთი და შედეგი ვიხილოთ. ეს ჩვენს გულშემატკივრებს გაახარებს.
- გუნდი ფიზიკურად მომზადებულია?
- დროთა განმავლობაში უკეთესად იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ფიზიკურად სრულად მზად ვართ.
- გიორგი პაპუნაშვილს პერსონალურ მეურვეს მიუჩენთ?
- ჩვენ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ რა ინფორმაციაც “დინამოსა” და მის მოთამაშეებზე გვაქვს. დაცვაში არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, არამედ მთლიანად გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ.
- ვარჯიშებზე პენალტებს ამუშავებდით?
- არა. ამის შესახებ არ მიფიქრია. ჩემი აზრით, მიზანმიმართულად პენალტებისთვის თუ მოვემზადებოდით, საქმეს იქამდე თავად მივიყვანდით.