ფეხბურთი

15:00 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: “გაბალასთან” 90 წუთი დაცვაში “ჯდომა” არ შეიძლება”

თბილისის “დინამოს” თავდამსხმელის ალექსანდრე იაშვილის აზრით, 9 ივლისს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “გაბალასთან” სტუმრად გასამართ საპასუხო მატჩში ქართული გუნდი დაცვაში “ჩაჯდომას” არ ფიქრობს. ამის შესახებ მან ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა.

- მომავალ მატჩზე რას ფიქრობთ?

- “გაბალა” ძალიან ძლიერი გუნდია. პირველმა მატჩმა აჩვენა, რომ მეტოქე საკმაოდ სერიოზულ ფეხბურთს თამაშობს. შევეცდებით ყველაფერი ვაჩვენოთ რაც შეგვიძლია. ის გაიმარჯვებს, ვინც უფრო ყურადღებით ითამაშებს.

- “გაბალას” სტადიონზე ბაქოს “ინტერის” შემადგენლობაში გითამაშიათ. ამის შესახებ “დინამოს” ფეხბურთელებს ესაუბრეთ?

- “ინტერში” საკმაო დრო გავატარე. ზოგიერთ ფეხბურთელთან კონტაქტი დღესაც მაქვს. “გაბალაშიც” არიან ბიჭები, რომლებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. თუმცა, 90 ან 120 წუთის განმავლობაში მეგობრობა უკანა პლანზე გადადის. ორივე გუნდს გამარჯვება და შემდეგ რაუნდში გასვლა სურს. ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარულები საინტერესო თამაშს ნახავენ.

- “დინამოს” მომდევნო ეტაპზე ნულოვანი ფრეც გაიყვანს. დაცვიდან ითამაშებთ?

- არავითარ შემთხვევაში. ამაზე არც ვფიქრობთ. ჩვენ საკუთარი სათამაშო სტილი გვაქვს. დაცვაში “ჯდომას” არ ვაპირებთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც თქვენ ამბობთ, მარცხს ვერ გადავურჩებით. “გაბალას” მსგავს გუნდთან 90 წუთი დაცვაში “ჯდომა” არ შეიძლება.

0.135508