ფეხბურთი

1:30 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა ჭეიშვილი: "ჩვენს გამარჯვებას მთელი საქართველო ელოდება"

9 ივნისს ნიქოზიას “ომონია” საპასუხო მატჩში ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩში გამარჯვების მიუხედავად აჭარლებს დაძაბული მატჩი ელით.

ზესტაფონში გამართული შეხვედრა მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. ამ აზრში არსებობდა ლოგიკა, თუმცა ფეხბურთი ალოგიკური სპორტია. რაც დრო გადის თამაშამდე შედეგის გამოცნობა უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.

ქართულმა კლუბმა შეინარჩუნა გუნდის ძირითადი ბირთვი, რაც აუცილებელი პირობაა წარმატებისთვის, თუმცა შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს. "დინამოს" ჰყავს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი გაბედავა, რომელმაც პირველ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

“ომონია” მუდმივად ასპარეზობს ევროტურნირებზე, “დინამო” კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ევროსარბიელს. აქედან გამომდინარე ქართული კლუბის გამარჯვება მოსალოდნელი არ იყო. გასათვალისწინებელია შიდა ჩემპიონატების დონის ფაქტორიც. კვიპროსის ჩემპიონატში საქართველოს უმაღლეს ლიგაზე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ, რაც ხშირად ევროტურნირებზე წარმატებას განაპირობებს.

აღნიშნულ მატჩს პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ფაბიო ხოსე ვერისიმო იქნება, მას პაულო სოარესი და ანტონიო გოდინიო დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი ასევე პორტუგალიელი ბრუნო მიგელDდუარტეა.

მატჩის წინა დღეს ბათუმის “დინამომ” მეტოქე კლუბის სტადიონზე ივარჯიშა, მოედანზე გასვლამდე კი მთავარმა მწვრთნელმა შოთა ჭეიშვილმა და ფეხბურთელმა დიმიტრი ტატანაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

“17 წლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდით ევროსარბიელს და ვეცდებით ეს ეტაპი გადავლახოთ. ხვალ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის. ვიცი, რომ ჩვენს წარმატებას არა მარტო ბათუმი და აჭარა, არამედ სრულიად საქართველო ელოდება”- განაცხადა ჭეიშვილმა.

“მზად ვართ ხვალინდელი ბრძოლისთვის. დარწმუნებული ვარ რთული შეხვედრა გველის. პირველ მატჩში მიღწეული შედეგის გაუმჯობესება და მეორე ეტაპზე გასვლა გვსურს” – აღნიშნა დიმიტრი ტატანაშვილმა.

შეგახსენებთ “ომონიასა” და ბათუმის “დინამოს” მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი აჭარის ტელევიზიით გადაიცემა.

0.115911