ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ამერიკულ “ნიუ-იორკ სიტიში” ოფიციალურად ჩაირიცხა. 36 წლის ფეხბურთელმა “სიტის” ვებგვერდთან” პირველი კომენტარი გააკეთა, რომელშიც მან ახალ გუნდზე, “იუვენტუსსა” და იტალიის ნაკრებზე ისაუბრა.
პირლოს თქმით, ამერიკაში მისი წასვლის მიზეზი ახალი მოტივაცია იყო, ხოლო იტალიის ნაკრებში თამაში ისევ ძველებურად სურს.
“ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მინდა, რომ პირველივე სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა ჯერ პლეი-ოფში უნდა გავიდეთ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. “ნიუ-იორკ სიტი” იმიტომ ავირჩიე, რომ წარმატებული პროექტი აქვთ, ჩვენ ერთად გავიზრდებით და მივაღწევთ კარგ შედეგებს.
ახალი სტიმული მჭირდებოდა. “იუვენტუსში” 4 ფატასტიკური წელი გავატარე, სადაც ნამდვილ გამარჯვებულ გუნდთან ერთად ვიყავი. კარგი იქნებოდა ტურინული ხანა გამარჯვებით დამესრულებინა, მაგრამ ჩემთვის იქაური ეტაპი დამთავრდა. უცხოეთში თამაშის შანსი ადრეც არაერთხელ მქონდა, მაგრამ ყოველთვის იტალიაში თამაშს ვამჯობინებდი იმიტომ, რომ იტალიის ორ საუკეთესო კლუბში ვითამაშე.
ნაკრები? – ჩემთვის არაფერი შეცვლილა. კონტეს უკვე ვესაუბრე MLS ძლიერი ჩემპიონატია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო.” - განაცხადა პირლომ.
ანდრეა პირლო “ნიუ-იორკ სიტის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას ტურინელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა, თუმცა იგი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნაადრევად შეწყდა. პირლოს თანაგუნდელები ამერიკაში დავიდ ვილია და ფრენკ ლამპარდი იქნებიან.