საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” ევროთასებზე დაბრუნება გამარჯვებით მოახერხა. ზღვისპირელებმა ზესტაფონში ნიქოზიის “ომონია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ახლა საპასუხო მატჩისთვის მოემზადებიან.
“მსოფლიო სპორტმა” “დინამოს” პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს “დავით აბაშიძეზე” გამართული მატჩის შეფასება თხოვა.
“ბათუმის “დინამო” ვეროტურნირებზე 17 წლიანი პაუზის შემდგომ დაბრუნდა. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო არამარტო აჭარისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. სტადიონზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვიდა. გარდა ბათუმელებისა ჩამოსულები იყვნენ ქუთაისიდან, ფოთიდან, გურიიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან და მინდა, მათ ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადო. თამაშს რაც შეეხება, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. ჩვენ გამოუცდელები ვიყავით. გარდა სათამაშო ნიუანსისა, უამრავი სხვა დეტალიც იყო მოსაგვარებელი, მათ შორის ბილეთების გაყიდვა, რაც აქამდე “დინამოს” თამაშზე არ მომხდარა”.
ფედიჩკინს განმეორებითი თამაშის წინ მისი გუნდის შანსზეც დავეკითხეთ.
“ომონია” ძალიან კარგი გუნდია. კვიპროსში რთული თამაში გველოდება. მათი სტადიონი ყოველთვის ივსება და ძალიან აგრესიული გულშემატკივრები ჰყავთ. შანსზე პროცენტულად საუბარი გამიჭირდება. იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად”.
როგორც ბათუმის “დინამოს” ხელმძღვანელმა გვითხრა, საპასუხო თამაშამდე გუნდის გაძლიერება არ იგეგმება, რადგან განაცხადი უკვე უეფაშია გადაგზავნილი.
“ახალი ფეხბურთელების დამატება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან განაცხადები უკვე გადაგზავნილი გვაქვს”.
ბათუმელი ფეხბურთელები ნიქოზიაში საპასუხო შეხვედრას 9 ივლისს გამართავენ და ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას ეცდებიან.