მაშ ასე, ევროტურნირებმა სტარტი აიღო და შესაბამისად, მასში ქართული გუნდებიც ჩაერთვნენ. ამჯერად, თბილისის “დინამო”, ბათუმის “დინამო” და “ცხინვალი”.
ძნელია გაიხსენო, ბოლოს ასეთი წარმატებული დღე როდის გვქონდა – დიახ, სამივე ზემოხსენებულმა გუნდმა ევროპა ლიგის პირველ მატჩებში დადებითი შედეგი აჩვენა და საპასუხო თამაშების წინ გულშემატკივართა შორის იმედი ჩასახა.
თბილისში გამართული შეხვედრა ჩინებული საყურებელი გამოდგა. “დინამომ” მოიგო, მართალია ერთბურთიანი უპირატესობა ერთი კვირის თავზე ვერაფრის გარანტიას იძლევა, მაგრამ მათი თამაშის შემხედვარეს იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს. თბილისურ გუნდს მეტოქესთან შედარებით ერთი გამოკვეთილი უპირატესობა აქვს და მას გიორგი პაპუნაშვილი ჰქვია.
ნიჭიერმა შემტევმა გადასარევი შეხვედრა ჩაატარა და აზერბაიჯანელი მცველები დიდი თავსატეხის წინაშე არაერთხელ დააყენა. პაპუნაშვილი საუკეთესო იყო პირველ ტაიმში, მეორე ნახევარშიც და მთლიანად თამაშშიც – გოლი, საგოლე გადაცემა! თანაც, გოლსა და ასისტსაც ხომ გააჩნია? – 19 წლის ფეხბურთელმა საგოლე პასის დროს მოედნის ჩინებული ხედვა და თამაშის განსწავლულობა დაგვანახა, ხოლო გოლის დროს ის გააკეთა, რასაც აგერ, ბარე-ორი ფორვარდი ვერ ახერხებს ხოლმე...
“დინამოს” კიდევ ერთი კოზირი გააჩნია – გია გეგუჩაძე – დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული და მის ტაქტიკოსობაში ეჭვის შეტანა ცოტა არ იყოს ვინმეს მხრიდან უადგილოდაც მიმაჩნია. სწორედ, გეგუჩაძის სწორმა, დროულმა შეცვლებმა გამოიღო შედეგი. მაშინ, როცა “დინამო” მოედანზე 10 კაცით დარჩა, სწორედ მისმა გონივრულმა ქმედებებმა თამაშზე გავლენა იქონია, იქონია და თანაც როგორ(!)
ის სხვა თემაა, თუ რატომ დარჩა თბილისური გუნდი მოედანზე კაცნაკლული და ვგონებ, ამის განსჯას ახლა აღარანაირი აზრიც არ აქვს...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ალექსანდრე იაშვილია. ვეტერანი ფეხბურთელი გეგუჩაძემ საქმეში ბოლო ნახევარი საათი ჩართო. მის გამოსვლას კი ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრის ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა. ჰოდა, კლასმაც თავისი გააკეთა – “იაშკასთან” ერთად “დინამო” გარდაიქმნა და შეტევაში გაცილებით აქტიური გახდა. ერთ ეპიზოდში გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა. იაშვილი ის კოზირია, რომლის გამოყენება გეგუჩაძეს აშკარად შეუძლია.
მატჩის მსვლელობისას “დინამოს” თამაშში ხარვეზებიც იყო, რაც ბუნებრივია, რადგან პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. განსაკუთრებით თბილისური გუნდის სისუსტეები დაცვაში შეუთამაშებლობასა და გადმოვარდნილი ბურთების დაფარებას ეხება. სწორედ ასეთ სიტუაციაში გავუშვით გოლი. გოლი, რომლის მსგავსაც, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჯავიდ ჰუსეინოვი კიდევ კარგა ხანს ვერ გაიტანს... როგორც გეგუჩაძემ თქვა, ისინი აუცილებლად იმუშავებენ ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად და დაველოდოთ რამდენად მოახერხებენ ამას.
მოკლედ, “დინამომ” “გაბალას” პირველი რაუნდში დამსახურებულად აჯობა და ახლა შედეგის დაცვა სტუმრად მოუწევს. ვფიქრობ, მათ ამის გაკეთება სავსებით ხელეწიფებათ, მართალია, როგორც გეგუჩაძემ აღნიშნა ეს მოგება არაფერს ნიშნავს და აპოლდისმენტების დაკვრაც ცოტა ნაადრევია (მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები სწორედ ასე შეეგებნენ მას, რაზეც დინამოელთა თავკაცმა სწორედ ასეთი პასუხი გასცა), მაგრამ “დინამოს” ამ ბარიერის გავლა ცალსახად შეუძლია...
თბილისელთა დარად, მოიგო ბათუმის “დინამომაც” და თანაც, მშრალი ანგარიშით რაც განმეორებით მატჩის წინ უფრო მეტ იმედს და შანსს ტოვებს. მართალია ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში “ომონია” უპირატესობას ფოლობდა, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და “დინამომაც” გაიმარჯვა. მათ თავიანთი ერთგული გულშემატკივრის გასახარად, რომლებმაც ასეულობით კილომეტრი გაიარეს მათი გუნდის საქომაგოდ, ყველაფერი გაიღეს და საპასუხო თამაშის წინ მცირე უპირატესობა ირგუნეს. ზღვისპირელები მეტოქისგან განსხვავებით ევროსარბიელზე ბურთაობას გადაჩვეულნი არიან, ისინი ხომ ევროპას 17 წლის შემდგომ დაუბრუნდნენ, მაშინ როცა “ომონია” ლამის ყოველ წელს იქაა და მეტ-ნაკლები წარმატებით თამაშსაც ახერხებს. ერთი კი ფაქტია – ნიქოზიაში “დინამოს” რთული 90 წუთი ელის. ეს ამ გუნდს უკვე კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული და იქაური შეხვედრისთვის ყველანაირად მზად უნდა იყოს. უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ერთგული გულშემატკივარი გაახაროს და ბათუმში ასე ნანატრი დიდი ფეხბურთი დააბრუნოს. იქ ხომ ფეხბურთი განსხვავებულად და განსაკუთრებულად უყვართ!
რაც შეეხება “ცხინვალს” – კახა კაჭარავას გუნდმა ვერ მოიგო, მაგრამ რუმინეთში ნათამაშები ფრე, თანაც შედეგიანი ფრე უდავოდ ამ გუნდის აქტივში უნდა შევიტანოთ. “ბოტოშანი”, როგორც მასპინძელს შეეფერებოდა უპირატესობას ფლობდა და ალბათ, მოგებასაც უფრო იმსახურებდა, მაგრამ “ცხინვალმა” თავი კარგად დაიცვა და ახლა თბილისური მატჩის წინ მცირე უპირატესობაც მოიპოვა. ამ უპირატესობას “ცხინვალი” მეკარე გიორგი ნადირაძესა და თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას უნდა უმადლოდეს – პირველმა მათგანმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, ხოლო მეორემ ის ერთადერთი გოლი გაიტანა, რამაც “ცხინვალი” წყვილში ფავორიტად აქცია. საერთოდ, კაჭარავა ძალზე პროგრესირებს. ამ ფეხბურთელმა უკვე დაამტკიცა, რომ გოლების გატანა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში არ შეუძლია. გოლი კი ისეთი დიდოსტატური გამოვიდა, მხოლოდ კლასიან ფორვარდებს რომ გააქვთ, ერთი შეხებით, მეკარის მოტყუებაცა და ბურთის ბადეში განთავსება ადვილი გასაკეთებელი ნამდვილად არაა...
მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა ფეხბურთი გუნდური სახეობაა და არც იმ დანარჩენი ფეხბურთელების გარჯის დავიწყება შეიძლება, რომლებმაც რუმინული ფრე მოიტანეს.
მოკლედ, 2 ივლისი წარმატებული გამოდგა. იმედია, 9 ივლისზეც იგივეს თქმა შეგვეძლება... რაც მთავარია, დავინახეთ, თურმე შეგვძლებია!