ფეხბურთი

23:19 | 2.07.2015 | ნანახია 4669 - ჯერ

გია გეგუჩაძე: “ბრძოლისუნარიან გუნდად ვყალიბდებით”

თბილისის “დინამომ” ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანული “გაბალა” 2:1 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ამომწურავად უპასუხა.

მისი თქმით, რთული თამაში გამოვიდა და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. გეგუჩაძემ მეტოქეც შეაქო და დასძინა, რომ “დინამო” ახალგზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ბრძოლისუნარიან გუნდად ყალიბდება.

გია გეგუჩაძე (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “როგორც მოლოდინი იყო, რთული თამაში გამოვიდა. ათი ფეხბურთელით მოვახერხეთ გოლის გატანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ყალიბდება, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. რა თქმა უნდა ეს მოგება არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოპოვებული გვაქვს და სტუმრად რთული თამაში გველოდება. მინდა აღვნიშნო იაშვილის ფაქტორი, რომლის მოედანზე შესვლის შემდგომ თამაში აშკარად გამოვასოწრეთ.

- დღეს გამოჩნდა, რომ მეკარის პოზიცია გუნდში სუსტი რგოლია. რამდენად მოიაზრებთ ლიბორ ჰრდლიჩკას მომავალშიც ძირითადი შემადგენლობის წევრად?

-ჩვენ ყოველთვის იმ პრინციპით ვმუშაობთ, რომ ითამაშოს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც მოცემულ მომენტში უკეთეს ფორმაში არიან. ეს ეხება, როგორც მინდვრის მოთამაშეებს, ისე მეკარეებს. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ჰრდლიჩკამ ცუდი თამაში ჩაატარა, პირიქით. გაშვებული გოლში მისი დადანაშაულება რთულია, რადგან ასეთი ბურთების აღება თითქმის წარმოუდგენელია. რაც შეეხება მომავალს, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუ დაიმსახურებს ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

- თქვენი აზრით, რამდენად იმსახურებდა გველესიანი გაძევებას?

- ამ ეპიზოდის შეფასებას თქვენ მოგანდობთ, რადგან როგორც იცით, არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი.

- მათე ცინცაძემ ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა, ასევე შეცვალეთ ჭანტურიშვილი, რომელიც დაშავდა. რამდენად სერიოზულია მათი ტრავმები?

- არამგონია მათეს ტრავმა სერიოზული იყოს. რაც შეეხება ჭანტურიშვილს, დიახ, ისიც ტრავმის გამო შევცვალე.

- ვნახეთ, რომ იაშვილის მოედანზე შემოსვლას გულშემატკივართა მხრიდან დადებითი ოვაციები მოჰყვა. რატომ არ მიეცით უფრო მეტი სათამაშო დრო მას, ასე ხომ შესაძლებელი იყო, რომ უფრო დიდი ანგარიშით მოგეგოთ?

- იაშვილმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და საკმაოდ დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში. თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით უფრო მეტი სათამაშო დრო რომ მიმეცა.

- “დინამო” ხშირად აგვიანებდა საკუთარი საჯარიმოს მისადგომების გადაკეტავს. რის გამო ხდებოდა ასე?

- პირველ ტაიმში ასეთი ეპიზოდები ნაკლები იყო. მეორე ტაიმში კი ალბათ, გავლენა კაცნაკლულობამაც ითამაშა. მეტოქესაც ნუ დავუკარგავთ გარჯას. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

- “დინამოს” დაცვის ხაზში ხშირად რჩებოდა თავისუფალი ზონები. ამაზე ალბათ, იმუშავებთ, მაგრამ რამ გამოიწვია დღევანდელ მატჩში ასეთი შეცდომები, რატომ ვერ ახერხებდა გუნდი უკან სწრაფად დახევას?

- მეტოქეს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ამანც იქონია გავლენა. მეორე მომენტი კი ის იყო, რომ შეტევაში დიდი ძალებით მივდიოდით და ამ დროს კონტრშეტევის შანსი ყოველთვის არსებობს. ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.

- როგორ შეაფასებდით “გაბალას” თამაშს და რამდენად შეგიშლით ხელს საკუთარ მოედანზე გაშვებული გოლი?

- “გაბალა” ძალიან კარგი გუნდია. ალბათ, უფრო მეტად ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომ მათ თავიანთი თამაში ვერ აჩვენეს.

0.066212
4669