თბილისის “დინამომ” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანულ “გაბალას” უმასპინძლა. მატჩი საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა. “დინამომ” საპასუხო შეხვედრის წინ მინიმალური უპირატესობის მოპოვება მოახერხა. თანაც, ამის გაკეთება რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა შეძლო.
შეხვედრის პირველი ტაიმი საინტერესო საყურებელი გამოდგა და ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო. მისი პირველი ნაწილი მასპინძლების იყო, ხოლო მეორე ნაწილში “გაბალამ” მეტოქეს აჯობა. “დინამოს” უკანა ხაზში შეუთამაშებლობამ რამდენჯერმე იჩინა თავი.
მატჩის დასაწყისში არიფ დაშდამიროვის კუთხურის შემდეგ რაფაელმა თავით დაარტყა, თუმცა ლიბორ ჰრდლიჩკა ბურთს ადგილზე დახვდა. საპასუხო იერიშში კი ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად, თუმცა მისი დარტყმული მცველს შეეხო და მასპინძელთა გუნდი მხოლოდ კუთხურს გამორჩა. ცოტა ხანში ვახტანგ ჭანტურიშვილმა მარცხენა ფლანგიდან მოედნის შუაში შეიწია და კარშიც დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. საერთოდ, მატჩის პირველი წუთები მასპინძელთა აქტიური თამაშით წარიმართა. დასაწყისში გატანა კიტეიშვილს კიდევ ერთხელ შეეძლო, მაგრამ სტუმართა მეკარემ დმიტრო ბეზოტოსნიმ კარგად ითამაშა. საწყის წუთებში ყველაზე რეალური შანსი გიორგი პაპუნაშვილს ჰქონდა, როცა გიორგი ქვილითაიას კარგი გადაცემის შემდეგ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ამ ეპიზოდში სტუმართა კარის დარაჯმა მაღალი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა.
ტაიმის შუაში თამაში გათანაბრდა და ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ასეთ დროს კი მასპინძლები ცოტა მოდუნდნენ და გატანა გეორგ ფლორესკუს მართებდა, მაგრამ მისი დარტყმული ცარიელი კარიდან ლაშა თოთაძემ გამოიტანა და თავისი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. პირველი ტაიმის ბოლო კი სახიფათო ეპიზოდებით დახუნძლული გამოდგა – პაპუნაშვილის შორეული გასროლის შემდეგ “გაბალას” მშველელად მხოლოდ კარის ძელი მოევლინა და ანგარიში უცვლელი დარჩა. არანაკლები მომენტი ჰქონდათ ცოტა ხანში სტუმრებსაც – სერგეი ზენიოვის დარტმყულს ზედ კარის ხაზზე გიორგი გველესიანი გადაეღობა. 42-ე წუთზე კი დინამოელთა დაცვის მარცხენა ფლანგი კიდევ ერთხელ ჩავარდა და ურფან აბასოვის გამჭოლი გადაცემა ალექსეი ანტონოვმა დაუცველ კარში ვერ ჩაჭრა. რომან გრიგორჩუკის გუნდს გატანა კიდევ ერთხელ მართებდა, თუმცა სტუმარმა შემტევმა ცარიელ კარში ბურთი არაზუსტად გადაგზავნა.
მატჩის მეორე ტაიმი გაცილებით კარგი სანახავი გამოდგა. თამაშს არ აკლდა არც ლამაზი გოლები, არც სახიფათო მომენტები და ყველაფერი ის, რისთვისაც ფეხბურთი გვიყვარს. გამოსარჩევია, რომ მასპინძელთა თამაშს აშკარად ეტყობოდა მთავარი მწვრთნელის ხელი. გეგუჩაძემ კრიტიკულ სიტუაციაში სწორი შეცვლებით თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა.
მეორე ტამის დასაწყისში ბურთს აზერბაიჯანელი ფეხბურთელები დაეუფლნენ და თამაშიც მასპინძელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, “გაბალას” საგოლე მომენტების შექმნა უძნელდებოდა. 50-ე წუთზე კი თბილისელი ფეხბურთელები კაცნაკლულნი დარჩნენ, ეპიზოდი კი საკამათო გამოვიდა – გველესიანმა ზენიოვის წინააღმდეგ, მართალია, თამაშის წესი დაარღვია, თუმცა ეპიზოდი მოედნის ცენტრში იყო და თანაც, ქართველ ფეხბურთელს გაფრთხილება მანამდე მიღებული არ ჰქონდა და როი რეინშრეიბერმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ამის გამო გია გეგუჩაძეს თავისი გუნდის თამაშის გადაწყობა მოუწია. მან შემტევი კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე მცველი, რენე ფერეირა შეიყვანა. ამ ცვლილებამდე კი “გაბალამ” გატანაც” მოახერხა, მაგრამ მატჩის არბიტრმა შეტევაში ჯარიმა დააფიქსირა და გოლიც გააუქმა.
გეგუჩაძემ თამაშის გამწვავება სცადა და ინერტული ქვილითაია შეცვალა, მის ნაცვლად კი მოედანზე ვეტერანი ალექსანდრე იაშვილი შეუშვა, რომელსაც ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივარი ოვაციით შეეგება. გეგუჩაძის ჩანაფიქრმა კი შედეგი ცოტა ხანში გამოიღო.
64-ე წუთზე თოთაძემ მეტოქის გადაცემა მინ დვრის ცენტრში ჩაჭრა და პაპუნაშვილი მოძებნა. ამ უკანასკნელმა დიდოსტატური გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ჯამბულ ჯიღაური გაიყვანა, რომელმაც ერთი შეხებით ახლო კუთხეში გაიტანა. ზუსტად ერთ წუთში კი გატანა იაშვილსაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმულს ბოლო მომენტში მეტოქის მეკარე შეწვდა და კუთხურზე მოიგერია. ამ სტანდარტს კი თოთაძის სახიფათო თავური მოჰყვა, რომელსაც ისევ მეკარე დაეუფლა. უნდა აღინიშნოს, რომ “დინამო” მოედანზე იაშვილის გასვლის შემდეგ მთლიანად გარდაიქმნა და შეხვედრის საუკეთესო პერიოდიც სწორედ დროის ამ მონაკვეთში ითამაშა.
ნელ-ნელა თამაში დაწყნარდა, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს. გოლი კი ისეთი გამოვიდა ნებისმიერი რანგის შეხვედრას რომ დაამშვენებდა – თბილისელთა მცველმა კუთხურის შემდეგ ბურთი საჯარიმოს გარეთ გამოიტანა, იქ კი “გაბალას” კაპიტანი ჯავიდ ჰუსეინოვი იდგა, ვინაც ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა – 1:1.
“დინამოს” დაწინაურება მალევე შეეძლო – მათე ცინცაძის ჩინებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმა სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი “დინამო” ბედს არ შეეგუა და მეტოქის კარში გატანას კიდევ ცდილობდა, რამაც შედეგი 83-ე წუთზე გამოიღო. მეტოქის საჯარიმოში, ორ მცველს შორის პაპუნაშვილმა ჩინებულად ითამაშა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 2:1. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა შემტევი მოედანზე აშკარად გამორჩეული იყო და გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც შეასრულა. შეიძლება ითქვას, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ის გახლდათ.
მთავარმა მსაჯმა რეინშრებერმა ძირითად დროს 5 წუთი დაამატა. დარჩენილ დროში გეგუჩაძის გუნდი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა. ერთ ეპიზოდში კი გოლს სასწაულებრივ გადაურჩა – “გაბალას” შემტევმა, რომელიც უმეთვალყურეოდ იდგა არაზუსტად დაარტყა. დარჩენილ დროში მეტი ხიფათი აღარ შემქნილა და “დინამომ” გამარჯვება კაცნაკლულმა მოიპოვა.
ახლა კი ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, რომელიც ერთი კვირის თავზე გაბალაში გაიმართება.
“დინამო” (თბილისი) – “გაბალა” (აზერბაიჯანი) 2:1 (0:0)
2 ივლისი. თბილისი, “დინამო არენა”, მაყურებელი 7.000
“დინამო” (4-2-3-1): ჰრდლიჩკა; ტვილდიანი, გველესიანი, ჭელიძე, თოთაძე (კაპ); ცინცაძე, ჯიღაური; პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (რენე ფერეირა 53), ჭანტურიშვილი (პარუნაშვილი 77); ქვილითაია (იაშვილი 61)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“გაბალა” (4-2-3-1): ბეზოტოსნი; ფლორესკუ (სადიგოვი 71), ჰუსეინოვი (კაპ), გაი; რიკარდო, დაშდამიროვი (ჰილარიო 73), ვერბიდობი, აბასოვი, რაფაელი, ანტონოვი; ზენიოვი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
გოლები: 1:0 ჯიღაური (64), 1:1 ჰუსეინოვი (74), 2:1 პაპუნაშვილი (83)
გაფრთხილება: ფლორესკუ (35), ვერბიდუბი (68), იაშვილი (80)
გაძევება: გველესიანი (50)
მსაჯი: როი რეინშრეიბერი (ისრაელი)